რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

მარგველაშვილი: აგრესიულობა დიპლომატიურ ენაში პოზიტივის მომტანი არ არის

აგრესიული დიპლომატიური ენა პოზიტივის მომტანი არ არის - ამის შესახებ Associated Press-ს(AP) საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.

AP-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მარგველაშვილმა ისაუბრა, რომ მცდელობა ჩართონ ის რუსეთთან აგრესიულ დიალოგში უშედეგოდ დასრულდება.

"მთავარი საკითხია, რომ რამენაირად ჩამრთონ აგრესიულ დიალოგში რუსეთთან ყოფილი ხელისუფლების მსგავსად, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ აგრესიულობა დიპლომატიურ ენაში პოზიტივის მომტანი არ არის" - განაცხადა მარგველაშვილმა. 

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ქვეყნის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეკონომიკის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი მიზანი იქნება,

"ჩვენ გვაქვს კონსოლიდირებული, დიპლომატიური პროცესები, მაგრამ თუ ჩვენ არ გავაუმჯობესებთ ეკონომიკას, თუ ჩვენ ბიზნესს არ შევუწყობთ ხელს და სიღარიბეს არ დავძლევთ, ყველა დანარჩენი მიღწევა იქნება მყიფე და უშედეგო" - აღნიშნა მარგველაშვილმა. 

მარგველაშვილმა ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პრემიერმინისტრი არის ადამიანი, რომელსაც მასზე დიდი გავლენა აქვს. 
"ის არის ადამიანი, რომელსაც სერიოზულად დიდ პატივს ვცემ. მას დიდი გავლენა აქვს ჩემზე, რადგან მე მას ვენდობი. მისი მოსაზრებები და პოზიციები ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია" - აღნიშნა მარგველაშვილმა. 

გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუ ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" გაავრცელა, რომელსაც AP-იმ მასალა ექსკლუზიურად მიაწოდა.

კომენტარები