აშშ-საქართველოს ურთიერთობა

ნულანდი საქართველოში ყოფილი პოლიტიკური ლიდერებისადმი მოპყრობით შეშფოთებულია

topnews.in

საქართველოში ყოფილი პოლიტიკური ლიდერებისადმი მოპყრობით შეშფოთებული ვარ  - ამის შესახებ ვიქტორია ნულანდმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი მიძღვნილ მოსმენაზე განაცხადა. 

აშშ-ის სენატორმა ჯიმ რიშმა სენატის მოსმენაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა აღსანიშნავი ფაქტი იყო, თუმცა ახლა ბევრი შიდა უთანხმოება არსებობს და ბევრი მათგანი პოლიტიკურ დევნას უკავშირდება, რაც ქვეყნის განვითარებისთვის საზიანოა. სენატორმა რიშმა ამ საკითხზე აზრის დაფიქსირება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდს სთხოვა. ნულანდის განცხადებით საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ არ უნდა მოახდინოს სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლა. თუ როგორ მოეპყრობა მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს მნიშვნელოვნად აისახება მის ურთიერთობაზე აშშ-თან და ევროპასთან.

”თქვენს შეშფოთებას ვიზიარებთ იმის თაობაზე თუ როგორ ეპყრობიან ყოფილ ლიდერების. ჩვენ ხაზს ვუსვამთ გამჭირვალობის საჭიროებას, სასამართლო პროცედურების დაცვას, და სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური ზეწოლის არ დაშვებას. ამ ეტაპზე, როდესაც საქართველოს სურს მიიღოს ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ეს საშუალებას გვაძლევს ვაჩვენოთ, რომ პროცესს თუ როგორ ეპყრობიან პოლიტიკურ ოპონენტებს, არა მარტო ევროკავშირი არამედ აშშ-იც აკვირდება” - განაცხადა ნულანდმა. 

საქართველოს საკითხზე საუბრისას დემოკრატების სენატორმა ჯინ შეჰინმა განაცხადა, რომ სავაჭრო შეთანხმებებმა შესაძლოა ეკონომიკურ საკითხებზე პოზიტიური გავლენა იქონიონ, მაგრამ მისთვის ბუნდოვანია საქართველოში კანონის უზენაესობის დამყარებას, ოპოზიციის წარმომადგენლების დაპატიმრებასა და სხვა დემოკრატიული საკითხების ხელშეწყობისთვის აშშ რას აკეთებს.

 ამ კითხვაზე პასუხად ნულანდმა განაცხადა, რომ 2013 წელს საქართველოსთვის გამოყოფილი 70 მილიონი დოლარიდან ერთი მესამედი ეფექტურ მმართველობასა და იუსტიციის რეფორმაზე დაიხარჯა და რომ აშშ საქართველოს ეხმარება სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაში. მისი თქმით ისინი მკაცრად აკვირდებიან როგორ ეპყრობა ახალი ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს.

 

კომენტარები