აშშ-საქართველოს ურთიერთობა

წერეთელი აშშ-ის მხრიდან შესაძლო სანქციებზე: ეს გზავნილი ივანიშვილის მიმართაცაა

გიგი წერეთელი ეუთო-ს შეხვედრაზე. ჟენევა, 2014 წელი
ვიკიპედია

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგი წერეთელი აშშ-ის კონგრესში დარეგისტრირებულ კანონპროექტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეს. 

"ფაქტია, რომ არის სიგნალები, რომელიც მიდის საქართველოდან. აქ არ არის რაღაც დამახინჯებულ ინფორმაციაზე საუბარი და განსაკუთრებით, ბუნებრივია, ეს ეხება იმ ძალიან დიდ აჟიოტაჟს, რომელიც იყო ბოლო პერიოდში ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, TBC ბანკთან დაკავშირებით. პირდაპირ შეიძლება, არ იყოს ბიძინა ივანიშვილი ნახსენები, მაგრამ ყველამ იცის, ვინ იღებს ქვეყანაში გადაწყვეტილებებს. პარტიის თავმჯდომარეა, თუ ყოფილი პრემიერმინისტრი, ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი გავლენა ყველა სტრუქტურაზე და, შესაბამისად, ეს გზავნილი მის მიმართაც არის,"- ამბობს წერეთელი რუსთავი 2-თან საუბრისას. 

აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკვეინ მალინმა, დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, საქართველოს სანქციები დაუწესდეს. 

ამ კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სანქციები დაუწესდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ქვეყნის მთავრობის ქმედებები არღვევს ამერიკელ ბიზნესმენებთან დადებულ ხელშეკრულებებსა და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. 

სანქციები აშშ-ის მხრიდან ფინანსური დახმარებისა და კრედიტების აღების შეწყვეტას გულისხმობს, ასევე ამოქმედდება სავიზო შეზღუდვაც. 

კანონპროექტი კონგრესში 28 თებერვალს დარეგისტრირდა, თავდაპირველად ის საგარეო საქმეთა კომიტეტში გადამისამართდა, ხოლო შემდეგ საიმიგრაციო და მოქალაქეობის საკითხებზე მომუშავე კომიტეტში. 

კომენტარები