აშშ-საქართველოს ურთიერთობა

მდინარაძე აშშ-ის მიერ შესაძლო სანქციებზე: არაა ის ვითარება, რომ სანქციებზე დაიწყონ საუბარი

ქართული ოცნება

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესში დარეგისტრირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს, შესაძლოა, სანქციები დაეკისროს

მდინარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან ავლებს პარალელს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა აშშ-ს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. 

"საქართველოში ბიზნესი ნამდვილად თავისუფალია და როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორები, მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გავიხსენებ, აღმოჩნდნენ უხერხულ მდგომარეობაში, ეს უხერხულობა გამოიწვია ჩვენი კოლეგების და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის არასწორმა ინფორმაციამ და ამ შემთხვევაში სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც კი ჩასწორება მოხდა. ეს უხერხულობა, მე მგონია, რომ უნდა აიცილონ ჩვენმა კოლეგებმა საქართველოში. რამდენად უნდა მტრობდე შენს ქვეყანას, რომ არასწორი ინფორმაციები შენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიაწოდო უცხოელ და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს. ეს არის ცუდი და მეორე, მე ნამდვილად არ ველოდები და არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა რაიმე სანქციების დაწესებაზე დაიწყონ საუბარი,"- ამბობს მდინარაძე რუსთავი 2-თან საუბრის დროს. 

აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკვეინ მალინმა, დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, საქართველოს სანქციები დაუწესდეს. 

ამ კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სანქციები დაუწესდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ქვეყნის მთავრობის ქმედებები არღვევს ამერიკელ ბიზნესმენებთან დადებულ ხელშეკრულებებსა და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. 

სანქციები აშშ-ის მხრიდან ფინანსური დახმარებისა და კრედიტების აღების შეწყვეტას გულისხმობს, ასევე ამოქმედდება სავიზო შეზღუდვაც. 

კანონპროექტი კონგრესში 28 თებერვალს დარეგისტრირდა, თავდაპირველად ის საგარეო საქმეთა კომიტეტში გადამისამართდა, ხოლო შემდეგ საიმიგრაციო და მოქალაქეობის საკითხებზე მომუშავე კომიტეტში. 

კომენტარები