ვილნიუსის სამიტი

ბოკერია: ინსტიტუტების შერჩევითობა ევროპისთვის არის პრობლემა

Giga Bokeria
Tabula

იმედი გვაქვს, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ, რაც არის პრაქტიკულად გარანტირებული, ჩვენ არ აღმოვჩნდებით იმ მახეში, რაშიც აღმოჩნდა უკრაინა. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ასეთი საფრთხეების ნიშნები, სამწუხაროდ, არსებობს და ეს პირველ რიგში შერჩევითი სამართალია. "ყველა მთავრობა ამბობს, რომ მინდა სასამართლო დამოუკიდებელი იყოს, მაგრამ როცა გაბრაზდები და წამოგცდება ის, რასაც ფიქრობ, რომ ვინ არის ეს ხალხი და მათ პასუხს მოვთხოვთ; როცა იქვე პირდაპირ ამბობ, რომ რამდენს დავიჭერ, დამოკიდებულია იმაზე, როგორ ილაპარაკებენ - ამაზე მეტი დემონსტრირება რა არის", - აღნიშნა ბოკერიამ.

მისი თქმით, არასერიოზულია მთავრობის მხრიდან ტყვიაგაუმტარ მტკიცებულებებზე საუბარი, როცა "არის თვალნათელი მაგალითი, როდესაც სპეციალურად მოიგონეს უკანონოდ გარემოება და ვანო მერაბიშვილის საქმე წაიღეს იმ სასამართლოში და იმ მოსამართლესთან, სადაც იცოდნენ, რომ მიიღებდნენ შედეგს, იმიტომ რომ იქამდე ვერ მიიღეს ბევრგან შედეგი და აქვე მინდა გავიხსენო განცხადებები მოსამართლეებზე პირდაპირი ზეწოლის - პრემიერმინისტრის, იუსტიციის მინისტრის განსაკუთრებით, გვარების დასახელებით და მერე მათი მტრებად გამოცხადებით".

ბოკერიას თქმით, სასამართლოსთან მიმართებით შერეული სურათია: არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მოსამართლეები უძლებენ ხელისუფლების ზეწოლას. "ეს საამაყოა ქვეყნისთვის არა მარტო იმიტომ, რომ, ვთქვათ, ჩემი გუნდის წარმომადგენლის გათავისუფლება მოხდა, ეს ინსტიტუციონალურად არის მნიშვნელოვანი", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, ევროპელებისთვის იმაზე უფრო მთავარი, თუ როგორი იქნება მტკიცებულებები, ის არის, თუ როგორია მოტივაცია. "იმ შემთხვევებშიც კი, როცა მტკიცებულება ძლიერია და ჩვენი შემთხვევები ასეთი არ არის ნამდვილად - ეს ვიხილეთ ყველა პროცესზე მერაბიშვილის, ახალაიას, უგულავას და სხვა პროცესებზე - იქაც კი რომ იყოს მტკიცებულებები ძლიერი, რაც ასე არ არის, თუ მოტივაცია არის აშკარად პოლიტიკური ანუ ჩვენ ვხედავთ სისუსტეს სასამართლოსი და ზოგადად შერჩევითობას ინსტიტუტების, ეს ევროპელებისთვის არის პრობლემა და ეს სწორი მიდგომაა და ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემა", - აღნიშნა ბოკერიამ.

მან შერჩევითობის რამდენიმე მაგალითიც გაიხსენა: "შერჩევითობას ვხედავთ, მერაბიშვილს რაზეც ბრალი ედება, ერთ-ერთ საქმეზე: ბიუჯეტის მომატება, რომ დაასაქმონ აქტივისტები - რასაც ვერ უმტკიცებენ და არაფერი არ ხდება ამ მიმართულებით. ეს ხდება დღეს, ღიად. წინასწარ პატიმრობაში გვყავს მინისტრის ყოფილი მოადგილე, სადაც იყო ძალიან ძლიერი მტკიცებულებები, ჩანაწერი მისი მონაწილეობისა ძალიან სამარცხვინო, ძალიან აღმაშფოთებელ დანაშაულში - ოპონენტის, კრიტიკოსის ფსევდოპირადი ცხოვრების ატვირთვის და ეს კაცი არათუ ციხეში არ ყოფილა, საერთოდ არაფერი არ ხდება იქ. არაფერი, როცა აქ მართლა არსებობდა საფუძველი, ბრალდებას ემტკიცებინა, რომ შეიძლება გამოძიებაზე ზემოქმედება მოახდინოს. სხვა რამდენი მაგალითი მოვიყვანო - თბილისის საკრებულო არის ხოლმე თვალნათელი მაგალითი: პირდაპირ არის გზავნილი, თუ გადახვალ ახალი ხელისუფლების მხარეს, საქმეს შევწყვეტთ, არ გადახვალ - გავაგრძელებთ. დღევანდელი ვარსკვლავი ამ გუნდის, ბატონი შიხიაშვილი არის ამის თვალნათელი მაგალითი".

ბოკერიას თქმით, ოპოზიციის იმედი ის კი არ არის, რომ მთავრობა ისე მოიქცევა, როგორც იქცეოდა მთელი ამ ხნის მანძილზე და მას დაგმობენ, არამედ ის, რომ თავიდან აირიდებს იმ ხაფანგს, რაშიც უკრაინა გაება. "გარკვევით ითქვა, არაერთი ტრიბუნიდან, რომ ვილნიუსის სამიტზე მოხდება კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა. თუ ჩვენ გვინდა, რომ სწრაფად დავამთავროთ ეს პროცესი და წლები არ გაგრძელდეს, ეს პრობლემები უნდა მოიხსნას", - აღნიშნა ბოკერიამ.

მისივე თქმით, "ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედის ის, რომ ამ პაკეტში ჩვენთან ერთად იყოს უკრაინაც, როგორც დიდი ქვეყანა".

ბოკერიას თქმით, ვილნიუსის სამიტი არ არის პროცესის დასაწყისი. ის კიდევ ერთი ნაბიჯია ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე. მისი თქმით, "უკრაინისგან განსხვავებით, რომელიც ტერიტორიულად არის იქვე, საქართველო და კავკასია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებშიც კი არ იყო. დამსახურება, რომ ეს რეგიონი რუკაზე აღმოჩნდა, არის მნიშვნელოვანწილად იმ მოვლენების, რაც მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგ და პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი გუნდის პირობებში, რომლის წევრიც მეც ვარ და ამით ვამაყობ".

ბოკერიას თქმით, ახალი ნაბიჯის გადადგმა შესაძლებელი გახდა "იმ ძალიან მყარი ფუნდამენტის გამო, რაც იქნა ჩაყრილი და ზოგიერთი მცდელობის მიუხედავად, რისი ნიშნებიც იყო, ამის შემოტრიალება - საზოგადოებრივი აზრის გამო და იმის გამო, რომ დღეს მმართველ კოალიციაში არიან ისეთი ძალებიც, ვისაც იგივე მრწამსი აქვს ამ საკითხებში - ვერ მოხერხდა. ძალიან კარგია, რომ ვილნიუსში ეს ნაბიჯი გადაიდგმება", - აღნიშნა ბოკერიამ.

კომენტარები