ახალი კანონპროექტი

ახალი კანონპროექტი: კვოტა და ტარიფი იმპორტირებულ საქონელზე

pirveliradio.ge

თავის ერთ-ერთ გამოსვლას ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის მფლობელი მილტონ ფრიდმანი იწყებს სიტყვებით: "ხშირად ამბობენ, რომ ერთ ოთახში რამდენი ეკონომისტიც არის, იმდენი მოსაზრებაა, თუმცა არსებობს ერთი საკითხი, რაზეც ეკონომისტთა უდიდესი ნაწილი თანხმდება და არ კამათობს - ეს არის იმპორტზე ტარიფების და კვოტების უარყოფითი ეფექტი და ეს უკვე 200 წელია, ასეა".

ფრიდმანი ამბობს: "მთავრობა იმპორტზე შეზღუდვის დაწესებას დაცვით ღონისძიებას უწოდებს. ის მართლაც იცავს - იცავს მომხმარებელს დაბალი ფასებისგან. აი, ამას უწოდებს მთავრობა დაცვას".

საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა

საქართველოს მთავრობა ასე არ ფიქრობს.
ეკონომიკის სამინისტრო ახალ კანონპროექტზე მუშაობს - ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიებების შემოღების შესახებ.

კანონპროექტის მიზანია "ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოდინებული გაზრდილი იმპორტისგან, ისეთი რაოდენობით და ისეთ პირობებში, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ან ქმნის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხეს მსგავსი და პირდაპირ კონკურენტული საქონლის ადგილობრივ მწარმოებლებისთვის". ინიციატივის მომხრეები კანონპროექტს მხარს უჭერენ და აცხადებენ, რომ მსგავსი ზომებისთვის მთავრობას ადრეც უნდა მიემართა, ხოლო მოწინააღმდეგეები მოსალოდნელ საფრთხეებზე ამახვილებენ ყურდაღებას.

კანონპროექტის კრიტიკოსებისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა მთავრობას იმპორტის შეზღუდვაზე საუბარი იმ პირობებში, როცა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იმპორტი ისედაც სტაბილურად მცირდებოდა, ექსპორტი კი - იზრდებოდა, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები ამ ფაქტს, სწორედ ადგილობრივი წარმოების განვითარებით ხსნიდნენ და ოპონენტთა ვარაუდებს შემცირებული სამომხმარებლო ნდობის შესახებ, რელევანტურად არ თვლიდნენ.

ეკონომიკის სამინისტრო კანონპროექტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

კანონპროექტის შინაარსი

კანონპროექტის მიხედვით, ჭარბი იმპორტის შემთხვევაში დაწესდება წინასწარი ან სპეციალური დაცვითი ღონისძიება. წინასწარი დაცვითი ღონისძიების შემთხვევაში, იმპორტიორი გადაიხდის წინასწარ ტარიფს, ხოლო სპეციალური დაცვითი ღონისძიების შემთხვევაში - საიმპორტო კვოტას ან სპეციალურ ტარიფს.

დაცვითი ღონისძიებების გატარების საბაბი შეიძლება გახდეს, მათ შორის, ადგილობრივი წარმოების პროდუქციისთვის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხე. ამას ზომავს და ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ამ მიზნით, სააგენტოს ენიჭება მოკვლევის ფუნქცია, რაც გულისხმობს იმას, რომ მისთვის ხელისაწვდომი უნდა გახდეს ყველა ტიპის, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციაც, ხოლო თუ ეჭვი ეპარება ამ ინფორმაციის სანდოობაში, მაშინ უნდა გადაამოწმოს. კანონპროექტის მიხედვით, ამისთვის სააგენტოს 30 კალენდარული დღე ექნება.

ამასთან, მთავრობა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, განიხილოს თუ არა მიწოდებული ინფორმაცია, როგორც კონფიდენციალური. იმის მტკიცება, თუ რატომ არის მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია კონფიდენციალური, თვითონ იმპორტიორს მოუწევს.

"მოკვლევის ორგანო უფლებამოსილია კონფიდენციალური ინფორმაციის მომწოდებელი დაინტერესებული პირისგან მოითხოვოს მისი არაკონფიდენციალური ვერსია. არაკონფიდენციალური ვერსია უნდა მოიცავდეს მონაცემებს წარმოდგენილი კონფიდენციალური ინფორმაციის არსის გასაგებად. იმ შემთხვევაში, როცა მოკვლევის ორგანოს მიერ კონფინდეციალური ინფორმაციის არაკონფიდენციალური ვერსიის მოთხოვნის პასუხად დაინტერესებული პირი აცხადებს, რომ შეუძლებელია კონფიდენციალური ინფორმაციის ასეთი სახით წარმოდგენა, ეს პირი ვალდებულია წარმოადგინოს დასაბუთება კონფიდენციალური ინფორმაციის ამ სახით წარმოდგენის შეუძლებლობის შესახებ", - აღნიშნულია კანონპროექტში.

კანონპროექტის მიხედვით, სერიოზული ზიანის ან სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხე რამდენიმე მიმართულებით იზომება: მათი ნაწილი სტატისტიკურად შეიძლება გამოისახოს, მაგალითად, იმპორტის ზრდის ტემპი და მოცულობა აბსოლუტურ და შედარებით მაჩვენებლებში, ადგილობრივ ინდუსტრიასთან მიმართებით ან გაზრდილი იმპორტის ხვედრითი წილი ადგილობრივ ბაზარზე, ნაწილს კი უშუალოდ კონკურენციის სააგენტო განსაზღვრავს - მაგალითად, სხვა ფაქტორები, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს ან სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ინდუსტრიას.

იმ შემთხვევაში თუ კონკურენციის სააგენტო დაადგენს, რომ იმპორტიორს საქართველოს ტერიტორიაზე შემოაქვს საქონელი ისეთი გაზრდილი ოდენობით და ისეთი პირობებით, რომ არსებით ზიანს აყენებს ადგილობრივ ინდუსტრიას ან ემუქრება მას სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხით, მას შეუძლია შემოიღოს სპეციალური დაცვითი ღონისძიება.

სპეციალური დაცვითი ღონისძიება შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებულ ყველა საქონელს, ამ საქონლის წარმოშობის ქვეყნის მიუხედავად. თუმცა, აღნიშნულ წესში გამონაკლისი მაინც დაიშვება. გამონაკლისი სპეციალური ფორმულის მიხედვით გამოითვლება: სპეციალური დაცვითი ღონისძიება არ გავრცელდება საქონელზე, რომელიც წარმოშობილია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ განვითარებად ქვეყანაში, თუ ასეთი ქვეყნიდან აღნიშნული საქონლის იმპორტის ხვედრითი წილი არ აღემატება აღნიშნული საქონლის საერთო იმპორტის მოცულობის 3%-ს. იმ შემთხვევაში, თუ იმპორტირებული საქონელი რამდენიმე ასეთი ქვეყნიდან შემოდის, მაშინ ფორმულა იცვლება: თითოეული განვითარებადი ქვეყნიდან იმპორტის ინდივიდუალური ხვედრითი წილი აღნიშნული საქონლის საერთო იმპორტის 3%-ზე ნაკლები უნდა იყოს, ხოლო ჯამური ხვედრითი წილი არ უნდა აღემატებოდეს ამ საქონლის საერთო იმპორტის 9%-ს. სპეციალური დაცვითი ღონისძიების ფარგლებში დაწესდება სპეციალური ტარიფი.

დაცვით ღონისძიებას საქართველოს მთავრობა მაშინ მიმართავს, როცა კონკურენციის სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გადაწყვეტს, რომ ნებისმიერი დაყოვნება ზიანს აყენებს ან ზიანის მიყენების საფრთხით ემუქრება ადგილობრივ ინდუსტრიას და რის გამოსწორებაც შემდგომში გართულდება. ამ ღონისძიების ფარგლებში, იმპორტიორს მოუწევს შემოსავლების სამსახურს გადაუხადოს წინასწარი ტარიფი, რაც ბიუჯეტში არ გადაირიცხება და თუ მოკვლევის შემდეგ, ზიანი ან შესაძლო ზიანი არ დადასტურდება, მაშინ წინასწარ გადახდილი თანხა, უკან დაუბრუნდება. თუკი ამის შემდეგ სპეციალური დაცვითი ღონისძიების შემოღება იქნება საჭირო, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალური დაცვითი ღონისძიების სახით წინასწარი ტარიფის განაკვეთზე დაბალ სპეციალურ ტარიფს დაადგენს, ზედმეტად გადახდილი თანხა, იმპორტიორს დაუბრუნდება, ხოლო დარჩენილი თანხა გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

კანონპროექტის მიხედვით, წინასწარი დაცვითი ღონისძიების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 200 კალენდარულ დღეს, ხოლო სპეციალური დაცვითი ღონისძიების მოქმედების ვადა - 4 წელს. თუმცა ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 4 წლით, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი დამატებით 2 წლით.

საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება არ გამოიყენოს სპეციალური დაცვითი ღონისძიება იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ღონისძიების შემოღება სერიოზულ ზიანს მიაყენებს ეკონომიკის სხვა დარგს მთლიანად ან ნაწილობრივ, საქონლის მომხმარებლების ინტერესებს ან განპირობებული იქნება სახელმწიფო საჭიროებით.

მომხრეების არგუმენტები

კანონპროექტის მომხრეების მთავარი არგუმენტი ის არის, რომ აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში ქართული და უცხოური პროდუქცია თანაბარ პირობებში აღმოჩნდება და ისეთი პროდუქციის შემოტანის საჭიროება, რომელიც საქართველოშიც იწარმოება, აღარ იარსებებს.

საქკაბელის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ედიშერ მამალაძე აცხადებს, რომ კანონპროექტი კარგ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ საქართველოში ადგილობრივი წარმოება განვითარდეს. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ თუ კანონპროექტი ბაზარზე თამაშის წესებს ნათლად არ განსაზღვრავს, კორუფცია ფეხს ადვილად მოიკიდებს.

კანონპროექტის მომხრეების კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ბაზარზე თანასწორი და სამართლიანი კონკურენცია, რომლის პირობებშიც ადგილობრივი პროდუქცია დაცული იქნება ზედმეტი იმპორტისგან, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.

კიდევ ერთი არგუმენტი მომხმარებელზე ზრუნვაა: როგორც კანონპროექტის მომხრეებს მიაჩნიათ, იმპორტირებული საქონელი, როგორც წესი, უფრო დაბალი ხარისხისაა, ვიდრე ადგილობრივად წარმოებული პროდუქცია, ამიტომ ადგილობრივი პროდუქციის წახალისება, მათი თქმით, მომხმარებლის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

კვერცხის მაგალითი

ოფიციალურად, სწორედ მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, საქართველოში ფრინველის კვერცხის იმპორტი უკვე სამი თვეა შეჩერებულია. კვერცხის თემა საქართველოში ბოლო დროს ძალიან აქტუალური იყო და სხვადასხვა ჯგუფები ამ ბიზნესით პრემიერმინისტრის მრჩევლის გია ხუხაშვილის დაინტერესებაზე მიუთითებდნენ. საქმე ის არის, რომ 1 ივნისიდან კვერცხის მარკირება სავალდებულო გახდა. სურსათის უვნებლობის სამსახურმა კვერცხის იმპორტზე ნებართვები ბოლოს 2013 წლის ივლისში გასცა: 8 ივლისს 302 400 ცალი კვერცხი შემოვიდა საქართველოში მოლდოვიდან, ხოლო 25 ივლისს - 3 024 000 ცალი კვერცხი. სურსათის უვნებლობის სამსახურში არ გასცემენ ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, რომლებმაც ამ პერიოდში კვერცხი შემოიტანეს საქართველოში. იმპორტის აკრძალვის შემდეგ, კვერცხის ფასმა 3-4 თეთრით მოიმატა. სავაჭრო ქსელში ადგილობრივი, მარკირებული კვერცხის ფასი 29-30 თეთრია. სუპერმარკეტებში ამბობენ, რომ ზაფხულში კვერცხის ფასი საცალო ქსელში 25-26 თეთრი იყო.

მოწინააღმდეგეების არგუმენტები

ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიებების შემოღების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ზოგადად პროტექციონიზმის იდეას ეწინააღმდეგებიან. პროტექციონიზმი ისეთი პოლიტიკაა, რომელიც დისკრიმინაციულად უდგება ადგილობრივ და უცხოურ პროდუქციას და სერვისებს. თავისუფალი ბაზრისგან განსხვავებით, მომხმარებელს არ აქვს საშუალება უცხოური წარმოშობის პროდუქცია ისევე თავისუფლად იყიდოს, როგორც ადგილობრივი. პროტექციონისტური პოლიტიკის გზავნილი მომხმარებლის მიმართ ასე ჟღერს - თუ თქვენ გსურთ, რომ უცხოური პროდუქცია შეიძინოთ, მაშინ ბევრი ბარიერი უნდა გადალახოთ იმისთვის, რომ მართლაც იყიდოთ ეს პროდუქტები და სერვისები.

კვერცხის მაგალითი უკიდურესი ფორმაა, როცა უბრალოდ ჩერდება იმპორტი. ასე რადიკალურად, როგორც წესი, ქვეყნები არ მოქმედებენ. ხშირ შემთხვევაში პროტექციონიზმის მთავარი შეზღუდვა ტარიფი და კვოტაა - ეს არის ჩვეულებრივი გადასახადი იმპორტზე.

შეზღუდვები წესდება იმპორტიორებისთვის. თუმცა იმისთვის, რომ ბიზნესმა გაზრდილი ხარჯები დააბალანსოს, მას ეს ხარჯი პროდუქციის ან სერვისის ფასში შეყავს. შესაბამისად, მომხმარებელი იხდის იმაზე ძვირს, ვიდრე გადაიხდიდა იმ შემთხვევაში, იმპორტზე შეზღუდვები რომ არ არსებობდეს. მეორე მხრივ, როცა მომხმარებელი უცხოური წარმოშობის პროდუქციას ყიდულობს, ის ცალკე აღებულ ტარიფის ხარჯს ვერ ხედავს, ის ხედავს ერთიან ფასს, რომელშიც შესულია ტარიფი, რომლის გადახდასაც მთავრობა აიძულებს იმპორტიორს იმ პრივილეგიისთვის, რომ ეს პროდუქცია საქართველოს ბაზარზე შემოიტანოს.

გამოდის, რომ ჩვენ, როგორც მომხმარებლები, ყურადღებას არ ვაქცევთ იმას, რომ კვერცხი 3 თეთრით გაძვირდა, რადგან ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის ამ ახალმა ხარჯმა შეიძლება წელიწადში 5 ლარამდეც ვერ მიაღწიოს. თუმცა, მომხმარებელთა მთლიანი რაოდენობა რომ ავიღოთ, დანახარჯი შეიძლება რამდენიმე მილიონი ლარი იყოს. ანუ მომხმარებლებს უწევთ კვერცხის შეძენაზე დახარჯონ ზედმეტი თანხა, რასაც არ გააკეთებდნენ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროდუქტზე კვოტა ან ტარიფი არ იარსებებდა.

თუ საერთო ჯამში მომხმარებლისთვის დაკისრებული ზედმეტი ხარჯი ამხელაა, მაშინ რატომ ატარებს მთავრობა ისეთ პოლიტიკას, რომელიც აზარალებს მომხმარებლების და ამომრჩევლების უდიდეს ნაწილს? იმიტომ, რომ მომხმარებელთა უდიდესმა ნაწილმა ეს არც კი იცის. დღეს რომ ქუჩაში გაიაროთ და იკითხოთ, რატომ გაძვირდა ბაზარზე კვერცხი, მომხმარებელთა უმრავლესობა პასუხს ვერ გაგცემთ. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ჩვენ ზუსტი მიზეზი ვიცით, ზედმეტი დანახარჯი ყოველწლიურად იმდენად მცირეა, რომ თავს არ ვიწუხებთ, მთავრობას კანონის შეცვლის მოთხოვნით მივმართოთ.

მეორე მხრივ, ადგილობრივი მწარმოებლების და გავლენიანი ჩინოვნიკებისთვის, ვისაც კვერცხის ბიზნესში სპეციალური ინტერესი აქვს, სარგებელი იმდენად დიდია, რომ ისინი ყველანაირად შეეცდებიან, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ იმპორტზე შეზღუდვები. მათთვის მოგებამ შეიძლება ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდ დოლარს მიაღწიოს. კვოტა ან ტარიფი რომ არ არსებობდეს, ისინი ძალიან დიდ ფულს დაკარგავდნენ, ზოგიერთი მათგანი კი შეიძლება საერთოდ გაკოტრებულიყო. გაკოტრებულიყო იმიტომ, რომ კონკურენტული პროდუქციისა და სერვისის მიმწოდებელ ბიზნესს, მთავრობის მფარველობა არ სჭირდება, მასზე მოთხოვნა ისედაც იქნება - მფარველობა სჭირდებათ სწორედ მათ, ვინც დამოუკიდებლად ბაზარზე თავის დამკვიდრებას ვერ ახერხებს.

ახლა ამ ყველაფერს კანონმდებლის თვალითაც შევხედოთ: ერთ მხარეს უამრავი არგუმენტია, თუ რატომ არის კარგი პროტექციონისტური პოლიტიკის გატარება - მაგალითად, სამუშაო ადგილების შექმნა, ადგილობრივი წარმოების განვითარება და ა.შ. ხოლო მეორე მხარეს ვართ ჩვენ, ჩვეულებრივი მომხმარებლები, რომლებიც ხმას არ ვიღებთ და მორჩილად ვიხდით ზედმეტ ფულს.

ფუნდამენტური შეცდომა, რომელსაც პროტექციონიზმის მომხრეები უშვებენ, ისაა, რომ თავისუფალი ბაზრისთვის დამახასიათებელი კონკურენციის დროს, გამარჯვებულები და დამარცხებულები არ არსებობენ - მოგებული რჩება მომხმარებელი, რომელიც ამავდროულად შეიძლება მწარმოებელიც იყოს: თუ მწარმოებელს რომელიმე კონკრეტულ სფეროში არ გაუმართლა და იმპორტირებულ პროდუქციას ადგილობრივით ვერ გაუწია კონკურენცია, ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ იმ სფეროში ვერ დაიმკვიდრებს თავს, სადაც სწორედ მას ექნება კონკურენტული უპირატესობა - ამის მიღწევა კი თავისუფალი ბაზრის პირობებში გაცილებით უფრო იოლია, ვიდრე ე.წ. დაცულ ბაზარზე. კონკურენტული უპირატესობის მიგნების შემთხვევაში, ბიზნესის მოგება გაცილებით მაღალი იქნება და გაცილებით მეტი ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

მომხმარებელი ყოველთვის მართალია - ეს არის ყველა წარმატებული, რეალურად კონკურენტული ბიზნესის მთავარი სლოგანი. ყველასთვის ცუდი იქნება, თუ საქართველოს მთავრობა ამ ფორმულაში ცვლილებებს შეიტანს და გამოვა, რომ მომხმარებელი ყოველთვის მართალია მანამ, სანამ იმპორტირებულ პროდუქციაზე და სერვისზე შეაჩერებს თავის არჩევანს.

კომენტარები