ახალი კანონპროექტი

წულუკიანი: კანონში შემოვა ახალი ცნება - მიუსაფარი ბავშვი

facebook.com/MinistryofJusticeofGeorgia

სახელმწიფო ქუჩაში მყოფ და მიუსაფარ ბავშვებს დაიცავს. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი კანონპროექტი მთავრობამ მიიღო. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობაში შემოვა ახალი ცნება „მიუსაფარი ბავშვი," რომელსაც სახელმწიფო დაიცავს. სახელმწიფოს ექნება უფლება, მოახდინოს ამ ბავშვების იდენტიფიცირება და მათ საბუთები გადასცეს.

"საქართველოს კანონში შემოვა ახალი ცნება - მიუსაფარი ბავშვი, ამ სტატუსზე კი მიბმული იქნება მთელი რიგი საჯარო სერვისებისა. ამ რეფორმის შედეგად ჩვენ მივცემთ მზრუნველობის ორგანოებს ანუ სახელმწიფოს, ჩვენდამი მომართვის უფლებას და ეს საკითხი აღარ იქნება მშობელზე ან სხვა კანონიერ წარმომადგენელზე დამოკიდებული. ასევე, სოციალურ მუშაკს ამ რეფორმით მიეცემა საშუალება, უგულვებელყოფის ან ძალადობის შემთხვევაში უკიდურესი ზომის სახით დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის აგრესორისგან განცალკევების შესახებ", - განაცხადა მინისტრმა.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, არ არის განსაზღვრული, თუ ვინ მიეკუთვნება ქუჩაში მცხოვრები ბავშვების კატეგორიას. იუსტიციის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ისინი ამიტომაც ზუსტად არ არიან აღრიცხულნი.

"ასეთი ბავშვების უფლებები სათანადოდ არ არის დაცული. მათ არ გააჩნიათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია − დაბადებისა და პირადობის მოწმობები, პასპორტი, რადგან მათი მშობლები და მეურვეები ვერ ახერხებენ ან არ თვლიან საჭიროდ პატარებისთვის დოკუმენტაციის მოწესრიგებას. ამის გამოც ვერ იღებენ ისინი განათლებას, არ არიან ჩართულნი სოციალური თუ სამედიცინო სახის სახელმწიფო პროგრამებში. ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, არ არსებობს მისი მოძალადისაგან მყისიერად განცალკევების მექანიზმი. კანონპროექტს შემოაქვს ცნება „მიუსაფარი ბავშვი“, რაც შესაბამის სტრუქტურებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ ობოლი, უსახლკარო, არამედ უგულებელყოფილი მსხვერპლი ბავშვიც დაიცვას. ახლებურად რეგულირდება მიუსაფარი ბავშვებისათვის დოკუმენტაციის გაცემის პროცესი და უფრო ქმედითი ხდება არასრულწლოვნების ნებისმიერი ძალადობისაგან დაცვის მექანიზმები.

ასეთი ბავშვების დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტოს ეძლევა უფლება, მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიუსაფარი ბავშვებისათვის დოკუმენტაციის გაცემის თხოვნით. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის შესაძლებლობა მხოლოდ ბავშვის მშობელსა და მეურვეს აქვთ. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივის თანახმად, მიუსაფარ ბავშვებზე დოკუმენტები უფასოდ გაიცემა; დოკუმენტაციის მოწესრიგების შემდგომ კი მათ საშუალება ექნებათ, მიიღონ განათლება, შემწეობა და ჩაერთონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში. ცვლილებები უფრო ქმედითს ხდის არასრულწლოვნების ნებისმიერი ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებს. კანონპროექტი სოციალური მუშაკის როლის გაზრდას ითვალისწინებს, რომელსაც გადაუდებელი აუცილებლობისას ექნება უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის მოძალადისაგან დაუყოვნებლივ განცალკევების თაობაზე" - აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები მომზადებულია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ საქართველოს კანონში, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“.

კომენტარები