ახალი კანონპროექტი

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება ხუთ წლამდე პატიმრობით დაისჯება

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება დაისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი, ერთიდან ორ წლამდე ვადით ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. თუკი აღნიშნული ქმედება დამამძიმებელ გარემოებებში იქნება ჩადენილი, სანქცია თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე იქნება განსაზღვრული.
ამას ითვალისწინებს "სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილება, რომლის ინიცირებაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების გახშირებულმა შემთხვევებმა განაპირობა.

"112"-ის გამოყენება შეტყობინების მიმღები პირისთვის შეურაცხყოფის მიყენების მიზნით ან სხვა შეურაცხმყოფელი განცხადებების გასაკეთებლად, ასევე, აღნიშნული ნომრის არამიზნობრივი სისტემატური გამოყენება გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის ერთსა და იმავე მოვლენასთან დაკავშირებით, გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებებით, "112"-ის გამოყენება გადაუდებელი დახმარების მოთხოვნის მიზნით, ცრუ შეტყობინების განსახორციელებლად, რომელსაც შედეგად მოჰყვა შესაბამისი ექსტრემალური სამსახურის მიერ შემთხვევის ადგილზე გასვლა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე-ღამემდე ვადით.

კანონმდებლობით სანქციების გამკაცრების პარალელურად, ზუსტდება, რომ "112"-ის არამიზნობრივი სისტემატური გამოყენება გულისხმობს ერთი და იმავე პირის მიერ აღნიშნულ ნომერზე უწყვეტი ერთი საათის განმავლობაში ათი ან მეტი შეტყობინების განხორციელებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეტყობინების ინიციატორი აზუსტებს, ავსებს ან აკონკრეტებს გადაუდებელი დახმარების საჭიროებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.  შეგახსენებთ, რომ ბოლო 5 დღის მანძილზე 112–ში ნაღმის არსებობის შესახებ 11 ცრუ შეტყობინება შევიდა. 

კომენტარები