ახალი კანონპროექტი

დეკრეტული შვებულების დღეების რაოდენობა და ანაზღაურება იზრდება

medianews.ge

პარლამენტი დეკრეტული შვებულების დღეების რაოდენობისა და ანაზღაურების გაზრდის თაობაზე მომზადებულ ინიციატივას განიხილავს. კანონპროექტი ჯანდაცვის კომიტეტის მიერ არის მომზადებული და პარლამენტი მას დაჩქარებული წესით იხილავს.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება 477-დან 730 კალენდარულ დღემდე იზრდება. ამასთან, ანაზღაურებადი შვებულების დღეები 57 დღით - 126-დან 183 კალენდარულ დღემდე, მშობიარობის გართულების, ან ტყუპის დაბადების შემთხვევაში კი 60 დღით - 140-დან 200 კალენდარულ დღემდე გაიზრდება. ცვლილება შეეხება ანაზღაურების ოდენობასაც: 183 კალენდარული დღე 1000 ლარამდე ოდენობით ანაზღაურდება. დღეს მოქმედი კოდექსის მიხედვით, 126 კალენდარული დღის ანაზღაურება ბიუჯეტს 600 ლარი უჯდება. მთავრობის განმარტებით, ამ ცვლილებების მიზანია, ადეკვატურად დაიცვას ქალთა შრომითი უფლებები და ხელი შეუწყოს ქვეყანაში შობადობის გაზრდას.

ექსპერტების ნაწილის აზრით, შრომით კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ამ მიზნების შესრულებას ხელს ვერ შეუწყობს და პირიქით, საფრთხის ქვეშ დააყენებს ბევრი კერძო კომპანიის დადებით პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, დეკრეტში მყოფ თანამშრომლებს სახელმწიფოს დახმარებასთან ერთად, სრულ ხელფასსაც უხდიდნენ. ექსპერტების ნაწილი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ტერმინი "დეკრეტული" საბჭოთა გადმონაშთია და შრომით კანონმდებლობაში აღარ გამოიყენება. შრომის კოდექსის მოქმედ რედაქციაში გამოყენებულია შემდეგი ტერმინები: "შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო".  

ახალი ეკონომიკური სკოლის დამფუძნებელი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები გაართულებს ქალების დასაქმებას, წაახალისებს არალეგალურ დასაქმებას და დამატებით ვალდებულებებს დააკისრებს ქვეყნის ბიუჯეტს, რაც უარყოფითად აისახება ისედაც რთულ ეკონომიკურ ვითარებაზე. 2012 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით დღემდე 42 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა. ეკონომიკის ზრდის პროგნოზი ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა გაანახევრეს და 6%-იანი ზრდის ნაცვლად, მათი ინფორმაციით, წლის ბოლომდე ეკონომიკა მხოლოდ 3%-ით შეძლებს გაზრდას. 

კომენტარები