ახალი კანონპროექტი

მაღრაძე: კანონპროექტი სახელმწიფო ენის დაცვაზე ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის

info9.ge

სახელმწიფო ენის დაცვასთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტში ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ განაცხადა. მისი თქმით, საკითხის ინიცირებას განათლების საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა, თუმცა ეს მხოლოდ პროექტის სამუშაო ვარიანტია.

"საუბარია იმის შესახებ, რომ შეიქმნას ბიუჯეტით დაფინანსებული სახელმწიფო ორგანო, რომელიც სახელმწიფო ენის დაცვას გაუწევს კონტროლს. ეს იქნება ოფიციალური დოკუმენტაცია, ბილბორდები, რეკლამები, მედიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და თუ ასეთ დროს იქნება დარღვევები, იქნება გარკვეული სანქციები. ის, თუ რა სანქციები იქნება და რამდენი, ჯერჯერობით გარკვეული არ არის. იდეა ჯერ მხოლოდ პრინციპის დონეზეა მზად. მთავარია, პასუხისმგებლობა იგრძნონ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დაწესებულებებმა, რომ მათი ოფიციალური დოკუმენტაცია გამართული ქართულით გამოდიოდეს. ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ პირებმა, ვინც საჯარო სამსახურში თანამდებობაზეა, სახელმწიფო ენა უნდა იცოდნენ", - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

ინიციატივა გულისხმობს სახელმწიფო ენის შესახებ ახალი კანონის მიღებას, ასევე, საჯარო სამსახურის შესახებ, მაუწყებლობის შესახებ კანონებში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანას. საკანონმდებლო ინიციატივა მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად მომზადდა.

კომენტარები