დანაშაულის სტატისტიკა

დანაშაულთა ბუნდოვანი სტატისტიკა

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, 2013 წლის 10 თვეში დანაშაულმა საქართველოში დაიკლო, თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს ტაბულას მიერ შსს-ს შიდა ქსელიდან მოპოვებული მონაცემები.
მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 28 822 დანაშაული დარეგისტრირდა, რაც 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17.8%-ით მეტია. 2012 წლის 8 თვეში საქართველოში 24 460 დანაშაული იყო დარეგისტრირებული.

ტაბულას ინფორმაციით, 41%-ით (366 ფაქტი) არის გაზრდილი ბინის ქურდობა, ძარცვა - 33% (96 ფაქტი), ყაჩაღობა - 78.4% (138 ფაქტი), ნარკოდანაშაული - 184.8%-ით (3 716 ფაქტი).
შსს-ს მიერ 6 ნოემბერს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები, წინა რამდენიმე შემთხვევის მსგავსად, ამჯერადაც დაჯამებული სახით არის მოცემული და არ არის გაშიფრული, რა ტიპის დანაშაულმა იკლო, ან მოიმატა, როგორი დანაშაულებების გახსნის მაჩვენებელია გაზრდილი და ა.შ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ 2013 წლს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 7 112 ერთეულით იკლო, რაც 22,7%-ს შეადგენს, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 40,6%-ით მოიმატა და 59,1%-ია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს ოქტომბრის თვის დანაშაულის სტატისტიკას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონების მიხედვით. 2013 წლის ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის კლება 1 004 ერთეულით დაფიქსირდა, რაც 27,6%-ს შეადგენს. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64,5%-ია და 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56,3 %-ით მოიმატა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან არაერთი მედიასაშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე რამდენიმე თვეა ითხოვს დანაშაულის დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნებას, თუმცა, უშედეგოდ. შსს-მ დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნება 2013 წლის მარტში შეწყვიტა.

მიუხედავად შსს-ს მტკიცებისა, რომ დანაშაულმა იკლო, სასამართლოებში 2013 წელს გაიზარდა განხილული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 2013 წლის 9 თვეში 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 19.1%-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე განიხილეს.

2013 წლის 9 თვეში სასამართლოებში სულ განიხილეს 9 129 საქმე (10 707 პირი), ხოლო 2012 წლის 9 თვეში 7 668 საქმე (9 356 პირი). განხილული საქმეებიდან სასამართლოებმა განაჩენი გამოიტანეს 8 726 საქმეზე, რაც გასული წლის მონაცემზე 14.7%-ით (873 საქმე) მეტია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, იურისტი ოთარ კახიძე ტაბულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მას არ სჯერა დანაშაულის კლების ოფიციალური სტატისტიკის იმ ამნისტიის ფონზე, რომელიც მოქმედმა ხელისუფლებამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განახორციელა. კახიძის მოსაზრებით, დანაშაული გაიზარდა, თუმცა, საგანგაშოდ არა. იურისტის თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში საქართველოს ჰქონდა დანაშაულის რაოდენობის სკანდინავიური მაჩვენებელი, ამნისტიის ფონზე კი, ეს მაჩვენებელი შესაძლოა დაახლოებოდა საშუალო ევროპულ მაჩვენებელს და ხელისუფლებას არ უნდა ეშინოდეს რეალური ციფრების გამოქვეყნების.

"დანაშაულის მაჩვენებელი გაიზარდა იმდენად, რამდენადაც გაიზარდა დევნის მაჩვენებელი. დანაშაული ექვემდებარება დაფარვას და მათ შეუძლიათ მხოლოდ ადვილად გასახსნელი დანაშაული აღრიცხონ და ჩვენ არ მოგვაწოდონ რეალური ციფრები დანაშაულის შესახებ, მაგრამ ძალიან რთულია დამალო ბრალდებული და ეს უნდა აღრიცხო და საქმე წაიღო სასამართლოში. მე ვვარაუდობ, რომ დანაშაულის რეალურ მაჩვენებელებს პოლიცია მალავს", - ამბობს ოთარ კახიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი სესიაშვილს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ეჭვი არ ეპარება და მიიჩნევს, რომ ეს შედეგი შსს-ს წარმატებული მუშაობის შედეგია.

"შთამბეჭდავია მაჩვენებელი და უნდა დავფიქრდეთ რატომ მოხდა ასე, რომ ერთის მხრივ ამნისტიის შედეგად ციხიდან ათასობით ადამიანი გამოვიდა და მეორეს მხრივ, დანაშაული იკლებს, გახსნის მაჩვენებელი კი იმატებს", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

2010 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ვალდებულება აიღეს, რომ სისხლის სამართლის საქმეების ერთიან სტატისტიკურ ანგარიშს შეიმუშავებდნენ, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მემორანდუმით ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს. უწყებამ 2013 წლის მარტში შეწყვიტა რეგისტრირებულ დანაშაულთა გამოქვეყნება დანაშაულთა კლასიფიკაციის მიხედვით.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა რამდენიმე კვირის წინ შსს-ს ტელეკომპანია ტაბულას ეთერით მოუწოდა, შეასრულოს მემორანდუმით აღებული ვალდებულება და განაახლოს დანაშაულის ყოველთვიური დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნება.

ქუცნაშვილის თქმით, საზოგადოებაში არსებობს ინტერესი არა მხოლოდ დანაშაულის ერთიანი სტატისტიკის, არამედ თემატური დანაშაულის შესახებაც - მაგალითად, რამდენია ძალადობრივი, თანამდებობრივი, ან კორუფციული ხასიათის დანაშაული.

"მემორანდუმი რომც არ არსებობდეს, თუ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, ეს ინტერესი დაკმაყოფილებული უნდა იყოს და არა მგონია, რომ ეს რთული იყოს, მე მოვუწოდებ შსს-ს, რომ მოახდინოს დანაშაულთა სახეობის მიხედვით მონაცემების კლასიფიკაცია", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტება, თუ რა მოტივით არ აქვეყნებს დანაშაულის სტატისტიკას დანაშაულთა კატეგორიების მიხედვით.

კომენტარები