დანაშაულის სტატისტიკა

გახარიამ NGO-ებს სისხლის სამართლის კოდექსის გადახედვის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა

გიორგი გახარია
შსს

შინაგან საქმეთა მინისტრი სისხლის სამართლის კოდექსის გადახედვას გეგმავს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან 2-საათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. 

გახარიას თქმით, შსს-ს უკვე დაუგროვდა 1 წლის ბაზა და ახლა უწყება ამ მონაცემების ღრმა ანალიზს გეგმავს, რომელიც სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილების საფუძველი გახდება. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის ძირითადი არსი სწორედ ეს იყო. 

"სისხლის სამართლის პოლიტიკაში ცვლილებები ეს არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმე. ეს გახლავთ მთლიანად მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის ძირითადი ამოცანა და, რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოების სხვა დაინტერესებული პირების, მათ შორის, ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ჩართულობით ამ პროცესში,"- ამბობს გახარია ჟურნალისტებთან საუბრისას. 

შს მინისტრი აღნიშნავს, რომ სტატისტიკის ანალიზი უწყების ანალიტიკურმა დეპარტამენტმა უკვე დაიწყო. გახარიას თქმით, დაახლოებით, შემოდგომისთვის ყველა ჩართული მხარე უკვე შეთანხმებული იქნება იმ ცვლილებაზე, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში შევა.

"ამ მუშაობის ძირითადი ამოცანა ეფექტიანობის ზრდა იქნება. სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგროვილი დანაშაულის რამდენიმე მიმართულებით აშკარად ზრდას გვიჩვენებს. ეს განსაკუთრებით ისეთი დანაშაული გახლავთ, როგორიცაა საკუთრების წინააღმდეგ ქურდობა. დანაშაულის ზრდაა ასევე ფიზიკური ზემოქმედების ნაწილშიც, ოჯახში ძალადობაშიც, ზრდა არის მსუბუქი დაჭრების ნაწილშიც, თუმცა ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ მძიმე, ორგანიზებული დანაშაული აბსოლუტურად კონტროლდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ,"- ამბობს გახარია. 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე, რომელიც მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდა, ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკის მთავარი საგანი ის იყო, რომ აქამდე დანაშაული იმალებოდა. 

"ცალსახად შემიძლია, ვთქვა, რომ დანაშაული იმალებოდა და ამის ფონზე მცირდებოდა დანაშაული და იზრდებოდა გახსნის მაჩვენებელი. ჩვენ ამის შესახებ მანამდეც ვსაუბრობდით და ეს იყო ერთერთი მთავარი კრიტიკის საგანი. წინა მინისტრები ამას მალავდნენ, ამ შემთხვევაში ეს მონაცემები არ იმალება ეს მონაცემი, მაგრამ ის, რომ დანაშაული იზრდება, ეს მაინც ცხადია,"- ამბობს მშვენიერაძე. 

შეხვედრას ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI) თავმჯდომარე ეკა გიგაურიც ესწრებოდა. 

"საუბარი შეეხებოდა იმას, თუ რა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამომავლო მიზნები, როდესაც საქმე ეხება დანაშაულთან ბრძოლას. ჩვენ ასევე ვილაპარაკეთ სტატისტიკაზე და აღრიცხვის მეთოდზე. შევთანხმდით იმაზე, რომ სამომავლოდ შეიქმნება ფორმატი, სადაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ეს სტატისტიკა მივიღოთ და დავამუშავოთ, რათა საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, თუ როგორ ებრძვის დანაშაულის შინაგან საქმეთა სამინისტრო,"- ამბობს გიგაური. 

დახურულ კარს მიღმა შინაგან საქმეთა მინისტრსა და არასამთავრობო სექტორს შორის არაფორმალური შეხვედრა 10:00 საათზე დაიწყო და 2 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წლის 11 თვეში რეგისტრირებული დანაშაული 58%-ით გაიზარდა. რაც შეეხება გახსნის მაჩვენებელს, 2017 წელთან შედარებით, 20%-ით არის შემცირებული.

2018 წლის იანვარ-ნოემბერში სამართალდამცავმა ორგანოებმა საქართველოში 53 637 დანაშაული აღრიცხეს. აქედან 18 467 (34%) გახსნეს. წინა წლის ამავე პერიოდში კი, ქვეყანაში 33 931 დანაშაული დარეგისტრირდა. გახსნილია - 18371 (54%).

2018 წლის პირველ 11 თვეში, საგრძნობლად გაიზარდა თითქმის ყველა ტიპის დანაშაული. მათ შორის 123.68%-ით - დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ, 100.29%-ით - დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, 253.63%-ით - დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ, 61.76%-ით - დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ,81.75%-ით - დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ხოლო 26.47%-ით - დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ.

კომენტარები