დანაშაულის სტატისტიკა

2016 და 2020 წლების დანაშაულის სტატისტიკა - რა "ციფრების" შედარებისკენ მოუწოდებს პრემიერი მედიას

შს ყოფილი მინისტრი და მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია კრიმინალის ზრდას უარყოფს და მედიას მოუწოდებს, "სტატისტიკა და ციფრები" ნახოს. 

"შეადარეთ მძიმე დანაშაულები ბოლო 8-10-15 წლის განმავლობაში და ზუსტად ნახავთ სტატისტიკას - რა ხდება მკვლელობაზე, განზრახ მკვლელობაზე, ჯგუფურზე, ყაჩაღობაზე, ქურდობაზე და ა.შ". – მიმართა გახარიამ ჟურნალისტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა ყველაზე ადრე, 2016 წელს დევს. შესაბამისად, მედიას 8-10-15 წლის წინანდელ სტატისტიკასთან შედარება, ჯერჯერობით, არ გამოსდის, თუმცა, ბოლო 4 წელში დანაშაულის სტატისტიკა შსს-ს მონაცემებითაც გაზრდილია. მომატებულია როგორც სიცოცხლის წინააღმდეგ, ისე საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შემთხვევების რაოდენობა.

  • 2016 წელს სამართალდამცველებმა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 905 ფაქტი აღრიცხეს, 2020 წლის მხოლოდ პირველ 8 თვეში - 1892 ;
  • 2016 წელს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 13 296 შემთხვევა აღირიცხა, ხოლო 2020 წლის მხოლოდ იანვარ-აგვისტოში - 14967.

პრემიერმინისტრის მტკიცებით, სტატისტიკაში "საერთო ჯამური ზრდა იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა" და "იქ ბევრი ისეთი დანაშაულია, რომელიც 2-3-4 წლის წინ როგორც დანაშაული, საერთოდ კვალიფიცირებული არ იყო". თუმცა, სიცოცხლის და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები 2020 წელსაც ისევე აღირიცხება, როგორც 4 წლის წინ.

კომენტარები