ვილნიუსის სამიტი

მარგველაშვილი: 27 ოქტომბრის არჩევნებით ვილნიუსის სამიტზეც ვიამაყებთ

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 27 ოქტომბრის არჩევნებით ქართული მხარე ვილნიუსშიც იამაყებს. როგორც მარგველაშვილმა პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, "ვილნიუსში, პირველ რიგში, მივდივართ საქართველოში ჩატარებული ევროპული ტიპის არჩევნებით". მისივე შეფასებით, ვილნიუსის შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანია.

"ეს არის ჩვენი ევროპული არჩევანის დადასტურება. ვილნიუსში მოხდება ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პარაფირება, რაც იქნება მხოლოდ დასაწყისი, უაღრესად საინტერესო დასაწყისი ჩვენთვის, იმიტომ რომ რეალურად აქ ეყრება ინსტიტუციური საფუძველი საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის წევრი ქვეყნის სტატუსის განმტკიცებას. ვილნიუსში ჩვენ, პირველ რიგში, მივდივართ ევროპული ტიპის არჩევნებით, რომლის შესახებაც სიამაყით განვაცხადებთ იქ", - აღნიშნა მარგველაშვილმა. მისივე თქმით, ვილნიუსში იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ორმხრივი ურთიერთობების ფორმატი გაღრმავდეს.

"ვილნიუსის სამიტის შემდეგ არის დაახლოებით ერთწლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც საქართველოს ბევრი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი. ერთი წლის შემდეგ, იმედი გვაქვს, რომ შემოდგომისთვის გვექნება ხელმოწერა. ეს არის ძალიან სწრაფი გზა, რომელსაც ჩვეულებრივ ორი წელი სჭირდება ხოლმე. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ შესაძლებლობაზე, რომ სწრაფი ტემპებით მივაღწიოთ გამარჯვებას", - განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ საქართველომ დაკარგული დროის "ამოქაჩვაც" უნდა შეძლოს.

კომენტარები