არჩევნები 2013

AP: არჩევნებმა ცხადყო, რომ ნაციონალური მოძრაობა გავლენიან პოლიტიკურ ძალად რჩება

მილიარდერი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში გაიმარჯვა - ასე გამოეხმაურა Associated Press(AP) საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს.

სტატიაში საუბარია იმაზე, რომ არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და მოსალოდნელი შედეგი დაფიქსირდა, ერთადერთი მოულოდნელობა, მთავარი ოპოზიციური ძალის, ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის მიერ მოპოვებული ხმათა 22%-ია, რაც მოსალოდნელზე მაღალი შედეგია.

"ბაქრაძის უპირობო მეორე ადგილზე გასვლამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სააკაშვილის პარტია გავლენიან პოლიტიკურ ძალად რჩება", - წერს AP.

AP-ის სტატიაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ბოლო წლების გაუცხოებისა, რთულია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მიღწეული პროგრესის უარყოფა. სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ქვეყნის ეკონომიკა სიბნელიდან გამოიყვანა, აღადგინა ელექტროენერგიის მიწოდება, აღმოფხვრა კორუფცია და საფუძველი ჩაუყარა დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას, მათი მმართველობის დროს საქართველოს მშპ გაოთხმაგდა, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ სააკაშვილის მომავალი გაურკვეველია, რადგან არაა გამორიცხული, მას სასამართლო პროცესები ელოდებოდეს. ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიასა და საქართველო-რუსეთის ომის თემებზე ახალ მთავრობასა და გამოძიებას შეიძლება კითხვები ჰქონდეთ. სააკაშვილის შესაძლო დაკითხვებს ის გარემოებაც აძლიერებს, რომ მისი არაერთი მეგობარი და თანამოაზრე ციხეში ზის ან სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი.

 

კომენტარები