ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 18:00 საათისთვის საიას დამკვირვებლებმა 26 საჩივარი დაწერეს და ჩანაწერთა წიგნში დაახლოებით 45 შენიშვნა დააფიქსირეს. მათ გამოავლინეს სხვის ნაცვლად ხმის მიცემის, საარჩევნო უბანზე აგიტაციის და არაუფლებამოსილი პირის მიერ ხმის მიცემის ფაქტები. ასევე, ბიულეტენების და სადემონსტრაციო ოქმის შევსებასთან და მარკირების პროცედურასთან დაკავშირებული დარღვევები.
"ხელვაჩაურის #27 უბანზე გამოცხადებულმა ამომრჩეველმა ვერ შეძლო კენჭისყრაში მონაწილეობა, ვინაიდან მისი გვარის გასწვრივ დაფიქსირებული იყო ხელმოწერა. საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა შესაბამის ადმინისტრაციაში. საგარეჯოს ოლქის #46-ე უბანზე ამომრჩეველი კოალიცია ქართული ოცნების სიმბოლიკიანი მაისურით მივიდა, რაც საიას დამკვირვებლის მოთხოვნის საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარემ აღმოფხვრა და ამომრჩეველს საარჩევნო უბანი დაატოვებინა. საბურთალოს ოლქის #33-ე უბანზე კანონდარღვევით მიმდინარეობდა მარკირების პროცედურა. თერჯოლის ოლქის 25-ე უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორს წინასწარ ჰქონდა 5 ბიულეტენი გამზადებული და ბეჭდით დამოწმებული. ქუთაისის 81-ე უბანზე სადემონტრაციო ოქმი არ იყო შევსებული. საიას დამკვირვებელმა აღნიშნულის შესახებ მიმართა კომისიის თავმჯდომარეს და მოსთხოვა პრობლემის აღმოფხვრა. გორის 25-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირდა, რომ ხმის მიცემას ცდილობდა ამომრჩეველი, რომელსაც უკვე აღენიშნებოდა მარკირება. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ აღნიშნულ ამომრჩეველს არ მისცეს ხმის მიცემის უფლება" - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და წინა ბრიფინგების მსგავსად აღნიშნავს, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების დღეს საია თბილისისა და 8 რეგიონის 36 საარჩევნო ოლქში 400-ზე მეტი დამკვირვებლით აკვირდება.





