ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილი: გუშინდელმა პროცესმა აშკარა გახადა პოლიტიკური მოტივები

www.ipn.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გუშინ გამართულ სხდომას ეხმაურება. როგორც მერაბიშვილის facebook-ის გვერდზე წერია, ყოფილი პრემიერი გუშინდელ პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო.

"პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ადვოკატებს, რომელთა ძალისხმევითაც, პირველივე მოწმეების დაკითხვამ აშკარა გახადა პროკურატურის არგუმენტების უსუსურობა და საქმეში არსებული პოლიტიკური მოტივები. თუნდაც ის ფაქტი, რომ სწორედ პროკურატურამ დაასახელა ფინანსთა სამინისტრო დაზარალებულად, მაშინ, როდესაც თავად ეს უწყება არ თვლიდა თავს ასეთად, ცხადყოფს, რომ პროკურატურა ასრულებს პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაკვეთას.  აქამდე დაკითხული ყველა მოწმის ჩვენება ადასტურებს, რომ ჩემი და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება და განხორციელებული მოქმედება უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამასთან დაკავშირებით იყო კანონიერი. აქვე მინდა კითხვით მივმართო პროკურატურას და სასამართლოს - თუ კონტროლის პალატამ, როგორც მისმა წარმომადგენელმა აღნიშნა, პროკურატურიდან მიღებული მხოლოდ სამი მოწმის ჩვენების საფუძველზე დაადგინა ჩვენს მიერ ჩადენილი დარღვევები, მაშინ რატომ გახდა საჭირო სასამართლოში 3969 მოწმის წარდგენა და დაკითხვა?" - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გუშინ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის არსებით განხილვაზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა. ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, პროცესი კომიკური იყო. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროდან და აუდიტის სამსახურიდან პროკურატურის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა, ასევე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათის სახლის ეპიზოდზე დაზარალებულად ცნობილმა მოწმემ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის უდანაშაულობა დაამტკიცეს. პროკურორ ნათია სონღულაშვილის თქმით, კი, ბრალდების მხარის მოწმეებმა აჩვენეს, რომ ნაციონალური მოძრაობამ ამომრჩეველი მოისყიდა. როგორც პროკურორი ამბობს, მომდევნო პროცესზე ფინანსთა სამინისტროს სხვადსხვა სამსახურის თანამშრომლებსა და სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ბენეფიციარებს დაკითხავენ. ბრალდების მხარის მტკიცებით, ისინი აცხადებენ, რომ "ნაციონალების სასარგებლოდ აგიტაცია განახორციელეს".

გუშინდელ პროცესზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ბორის ჩოფიანი დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით დაკითხეს. მოწმე დაკითხვის დროს, ჩანაწერით სარგებლობდა. აღნიშნული დაცვის მხარემ გააპროტესტა. ჭიაბერაშვილისა და მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებით, ბრალდების მხარის მოწმემ ე.წ. შპარგალკა მიიტანა და წინასწარ დაწერილი ტექსტი წაიკითხა. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით კი, საქმის 100-ტომიან მასალებს, რომელიც პროკურატურამ მიაწოდა, ერთ დღეში გაეცნო. მოწმის განმარტებით, მას პროკურატურაში აუხსნეს, რომ სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის განხორციელების შედეგად, ფინანსთა სამინიტრო დაზარალდა.

კომენტარები