თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ, დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ თქვა, რომ ტელეკომპანია იმედისა და რიყის ტერიტორიის საქმეზე დღეს წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები იმის დასტურია, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
"პროცესი კიდევ ერთი თვით გადაიდო. "სანტა-ბარბარას" სერიალი გრძელდება. მიმდინარეობს პროკურატურის იდენტიფიცირებული მოწმეების დაკითხვა, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა. ამ თანხებს, რომელზეც საუბარია, ყველა პროცედურა აქვს გავლილი. შეიძლება პროკურატურა აფასებდეს კოლეგიალური და არჩევითი ორგანოს გადაწყვეტილებას? ეს იგივეა, პარლამენტმა კანონი რომ მიიღოს, მძიმე ნაცრის, ან ბუსუსებიანი პრეზერვატივების შესახებ და პროკურატურამ თქვას - ეს უკანონოა და ვიღაცამ ფული აიღო ამაშიო", - თქვა უგულავამ.
უგულავას თქმით, ჯოზეფ ქეი პროკურატურასთან გარიგებულია.
"ქეი პროკურატურასთან გარიგებულია. აგერ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ართმევენ პატარკაციშვილების ოჯახს, რომ ჯოზეფ ქეი მოვიდეს სასამართლოში და ჩვენება მისცეს. ეს აბსურდია და პოლიტიკურად მოტივირებულია. დარწმუნებული ვარ, პროკურატურას შერცხვება, როდესაც დასრულდება აღნიშნული საქმე, რადგან ეს არის სირცხვილი და დარჩება პროკურატურის სირცხვილად", - თქვა უგულავამ.
დღეს საქალაქო სასამართლოში პროკურატურამ მოწმეები დაკითხა. მათ შორის, ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური.





