გიგი უგულავას საქმე

გილაური: პროკურატურის შეკითხვები უსაფუძვლო იყო

government.gov.ge

რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე ნიკა გილაური ფინანსთა მინისტრობის პერიოდში დედაქალაქის ბიუჯეტისთვის თანხის გამოყოფის საკითხზე დაიკითხა. პროკურატურა დაინტერესდა იმ თანხის მიზნობრიობით, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტისთვის 25 მილიონის სახით გამოიყო. დაკითხვის შემდეგ გილაურმა თქვა, რომ შეკითხვები უსაფუძვლო იყო იმ მოტივით, რომ ბიუჯეტიდან გაღებული თანხების მიზნობრიობას იმ პერიოდში არ განსაზღვრავდა. 

"მაგ დროს მე ფინანსთა მინისტრი ვიყავი. თანხები, რომელიც გამოიყო, პარლამენტში გვაქვს წარდგენილი საბიუჯეტო ცვლილებების სახით. გამოდის, რომ რაზეც პროკურატურა დავობს, ის თანხა მთავრობამ დაამტკიცა. ეს ცვლილებები შევიდა პარლამენტში, მან განიხილა, დაამტკიცა, მერე შევიდა პრეზიდენტთან, მანაც ხელი მოაწერა, მერე თბილისის მთავრობამ დაამტკიცა და მერე საკრებულომ განიხილა და დაამტკიცა. ამის შემდეგ კი თანხები დაიხარჯა. დავობენ, რატომ დახარჯა თბილისის მერიამ ეს თანხა, წარმოიდგინეთ, რომ აბსოლუტურად ყველა თანხაზე, რომელიც დღეს იხარჯება, ასეთივე ლოგიკით შეიძლება დაისვას კითხვის ნიშნის ქვეშ, იგივე ლოგიკით შეიძლება დაისვას კითხვა, რატომ იყო ეს თანხა ხელფასებისთვის და პენსიისთვის განსაზღვრული ბიუჯეტიდან, ასევე გზებისთვის. ყველაფერი, რაც ბიუჯეტშია გაწერილი, პარლამენტის მიერ არის დამტკიცებული", - თქვა გილაურმა.

გილაურის თქმით, ბიუჯეტიდან განსაზღვრული თანხები იხარჯებოდა მაშინ და იხარჯება დღესაც. 

"საუბარია თანხაზე, სადაც ყველა პროცედურა დაცულია. კითხვას სვამს პროკურატურა, თუ რატომ დახარჯა ეს თანხები თბილისის მერიამ. თანხის მიზნობრიობა ჩემს მოვალეობაში არ იყო და როგორ იქნებოდა, როდესაც თბილისის აქვს თავისი საკრებულო, რომელიც ბიუჯეტის მიზნობრიობას განსაზღვრავს. პროკურატურამ არადამადასტურებელი კითხვა დამისვა", - თქვა გილაურმა. 

გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე, რომელიც რიყისა და  ტელეკომპანია იმედის გასხვისების საქმეს ეხება, დღეს ნიკა გილაურის გარდა, სამი მოწმეც დაიკითხა.

კომენტარები