გიგი უგულავას საქმე

უგულავა: სასამართლო პროცესი დაახლოებით სანტა-ბარბარასავით გრძელდება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დედაქალაქის მერის, გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით ყოფილი პრემიერმინისტრი ნიკა გილაური დაიკითხება.

საქმე ე.წ. რიყის ტერიტორიისა და ტელეკომპანია იმედის გასხვისებისის საქმეს ეხება. გიგი უგულავამ სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ პროკურატურა დაინტერესებულია, პროცესი გაწელოს.

"მიზეზს ვერ გეტყვით. მთავარი მოწმე იცით, ჯოზეფ ქეია, რომელიც არამარტო ქართული საზოგადოებისთვის, კარგად ცნობილია როგორც თაღლითი. შეუძლია პროკურატურას მოიყვანოს თავის ჯოკერი, დაიკითხოს და ამით სასამართლო დამთავრდეს. შესაბამისად, სასამართლოს ექნება საშუალება გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომ ან მე ვარ მტყუანი, ან პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს. ეს შეიძლება მოხდეს ძალიან მარტივად, მაგრამ როგორც ვხედავთ, ყველაფერი კეთდება, რომ თვეში ერთხელ დაბარებულივით მოვდივართ აქ, ვისმენთ მოწმეებს ხელმეორედ. ეს პროცესი დაახლოებით "სანტა-ბარბარასავით" გრძელდება", - თქვა უგულავამ.

სხდომის დაწყებამდე გიგი უგულავამ დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებაც ისაუბრა.

"დათო კეზერაშვილი არის ჩემი მეგობარი. ჩვენი მეგობრობა არ დაწყებულა პოლიტიკით და არც პოლიტიკით არ დამთავრდება. მე დატალები არ ვიცი და არც შემიძლია ვთქვა, საფრანგეთის სასამართლო ექსტრადიციაზე რა გადაწყვეტილებას გამოიტანს. თუმცა, ანალოგიის პრინციპით შემიძლია ვიმსჯელო, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უარი უთხრა საქართველოს სახელმწიფოს ექსტრადიციაზე. მეტიც, უკვე დაახლოებით 30-მდე პოლიტიკური დევნილის სტატუსის მქონე პირია, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანამ შეიფარა. თვითონ ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება, პოლიტიკური დევნა ხორციელდება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს იმით, რომ ამ ხალხს აძლევს პოლიტიკურ თავშესაფარს", - თქვა უგულავამ.

კომენტარები