მავთულხლართები

ნორლანდი: სოფლებში სიტუაცია ნამდვილად ტრაგიკულია და მახსენდება ბერლინის კედელი

დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სოფლების - ხურვალეთის, დიცისა და დვანის მოსახლეობას ხვდებიან. მათ შორის იმყოფებიან ელჩებიც.

საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის თქმით, სოფლებში სიტუაცია ტრაგიკულია.

"ჩვენი ვიზიტის მიზანი იყო, დიპლომატიური კორპუსი ადგილზე გაცნობოდა არსებულ ვითარებას. სიტუაცია ნამდვილად ტრაგიკულია და მახსენდება ბერლინის კედელი. ხალხი დააშორეს საკუთარ მიწა-წყალს, წინაპრების საფლავებს. ჟენევის მოლაპარაკების პარალელურად, აქ ხალხს თავისუფალი გადაადგილების საშუალება უნდა ჰქონდეს", - თქვა ნორლანდმა.

ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ივან იესტრჟაბის თქმით, ბარიერები რუსულმა მხარემ უნდა აიღოს.

"ჩვენ გერმანიის გაერთიანებას აღვნიშნავთ. დღეს კი აქ ხალხის გაყოფას ვხედავთ. ჩეხეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს მავთულხლართები კი ერთიანობას და იმ შეთანხმებას არღვევს, რომელიც 2008 წელს გაფორმდა. ეს ბარიერები უნდა აიღონ", - თქვა იესტრჟაბმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა კი, სოფლებში არსებულ სიტუაციას ჰუმანიტარული დრამა უწოდა.

"ძალიან მტკივნეულია, როცა ამ ყველაფერს ნახავ. ადგილობრივების ცხოვრების ნორმალური რიტმი დარღვეულია. მათ არ შეუძლიათ ნათესავების მონახულება, საკუთარ მინდვრებში შესვლა. ეს არის ჰუმანიტარული დრამა. ჩვენ უკვე გამოვთქვით შეშფოთება ამ საკითხზე და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ეს პრობლემა ყველგან წინა პლანზე იყოს წამოწეული", - აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.

 

კომენტარები