საპრეზიდენტო არჩევნები

საზღვარგარეთ 53 საარჩევნო უბანი გაიხსნება

ცესკო

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ 53 საარჩევნო უბანი გაიხსნება. გასულ წელს ეს რიცხვი 45-ს შეადგენდა. ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სიის მიხედვით, არჩევნების დღეს ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი საბერძნეთში გაიხსნება (ქალაქ სალონიკში სამი საარჩევნო უბანი, ხოლო ათენში - ოთხი. საარჩევნო უბნები თითოეულ ქალაქში ერთსა და იმავე მისამართზეა მითითებული).

საბერძნეთის შემდეგ, საარჩევნო უბნების რაოდენობით აზერბაიჯანი (ბაქო), ამერიკის შეერთებული შტატები (ნიუ იორკი და ვაშინგტონი), თურქეთი (სტამბოლი, ანკარა და ტრაპიზონი) და უკრაინა (კიევი, ოდესა და დონეცკი) გამოირჩევა. თითოეულ ამ სახელმწიფოში სამ-სამი საარჩევნო უბანი გაიხსნება. ესპანეთში კი, საქართველოს მოქალაქეებს ორ საარჩევნო უბანზე - მადრიდსა და ბარსელონაში შეეძლებათ ხმის მიცემა.

სხვა სახელმწიფოებში კი, (იტალია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ისრაელი, დანია, ჩეხეთი, შვეიცარია, შვედეთი, ყაზახეთი, ქუვეითი, უნგრეთი, უზბეკეთი, სომხეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, მოლდოვა, ლიტვა, ლატვია, კვიპროსის რესპუბლიკა, ირლანდია, იორდანია, ესტონეთი, ეგვიპტე, ბულგარეთი, ბელგია, ბელარუსი, ავსტრია) ქვეყნის მასშტაბით თითო საარჩევნო უბანი გაიხსნება.

შარშანდელთან შედარებით, საარჩევნო უბნების რაოდენობა გაიზარდა საბერძნეთში სამი ერთეულით, აზერბაიჯანში ორი ერთეულით, ხოლო აშშ-სა და ესპანეთში ერთი ერთეულით. ასევე, გაიხსნა ერთი საარჩევნო უბანი იორდანიაში. რიცხვი არ შეცვლილა იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ შარშან, 6 სექტემბერს, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა პოლიტმეტრში საგარეო საქმეთა ამჟამინდელი მინისტრი მაია ფანჯიკიძე საზღვარგარეთ საქართველოს ელჩებს და საქართველოს მაშინდელ მთავრობას უცხოეთში საარჩევნო უბნების სიმცირის გამო აკრიტიკებდა. ის ამბობდა, რომ "კეთილი ნების შემთხვევაში" შესაძლებელი იყო დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა იმ ქვეყნებში, სადაც "კონცენტრირებულია საქართველოს მოსახლეობა". 

"საქართველოს მოსახლეობის თითქმის 25% არის საზღვარგარეთ. და მათაც ისევე შესტკივათ საქართველოზე გული, როგორც ჩვენ. რაც მთავარია, მათი წასვლის მიზეზი არის გაჭირვება, უმუშევრობა და ყველაფერი ის, რაც არ მისცა მათ ამ ხელისუფლებამ და აიძულა ისინი, სამშობლოდან გადახვეწილიყვნენ. საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ეცადა, რომ ეს ხალხი გამოერიცხა არჩევნების პროცესიდან. ცინიკურია საფრანგეთში საქართველოს ელჩის განცხადება, რომ ამომრჩეველს შეუძლია ხმის მისაცემად დილით ან საღამოს მივიდეს. რანაირად უნდა მივიდეს ვინმე, ვინც ცხოვრობს მარსელში ან ან სტრასბურგში, შორეულ ქალაქებში პარიზიდან? რანაირად უნდა ჩავიდეს 4-5 საათის გზაზე, როცა სტრასბურგში, მაგალითად, არის საქართველოს წარმომადგენლობა და იქ საარჩევნო უბანი არ იხსნება. რატომ არ იხსნება? ხომ შეიძლებოდა, გახსნილიყო და მიმდებარე ქალაქების მოსახლეობას იქ მიეცა ხმა? კეთილი ნების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებითი უბნების გახსნა ისეთ ქალაქებში, სადაც დიდი რაოდენობით ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები. ასეა საბერძნეთში, იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში.. ძალიან ბევრ ქვეყანაში არის დედაქალაქიდან მოშორებული ქალაქები, სადაც კონცენტრირებულია საქართველოს მოსახლეობა" - თქვა ფანჯიკიძემ.

 

კომენტარები