ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვა

TI: ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვის შესახებ კანონპროექტი გაუმართლებელია

ქვეყნიდან გასვლის დროებით შეზღუდვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო გაუმართლებლად მიიჩნევს და პარლამენტს მოუწოდებს, აღნიშნული ნორმა კანონში არ ასახოს. ორგანიზაციის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ირინე იმერლიშვილისა და ზურაბ აბაშიძის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის საზღვრების დატოვება საქართველოს მოქალაქეს შეიძლება შეეზღუდოს "სახელმწიფო და/ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე", ბუნდოვანი და გაუმართლებელია.

"კანონპროექტმა უკვე გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება და ბევრს საბჭოთა კავშირიც კი მოაგონა. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მიიჩნევს, რომ კანონში ამგვარი ჩანაწერი გაუმართლებელი იქნება, რადგან მსგავსი ნორმა მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლების ხელყოფის სერიოზულ რისკებს ქმნის. არადამაჯერებელია კანონპროექტის ინიციატორების დასაბუთება იმის თაობაზე, რომ შემოთავაზებული ცვლილებით, კანონი შესაბამისობაში მოდის და აზუსტებს კონსტიტუციის 22-ე მუხლის ჩანაწერს. კონსტიტუციის ეს მუხლი ადგენს, რომ "ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან" და ამ უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით", - აცხადებს ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ დეპუტატების მიერ შემოთავაზებული ცვლილება ძალიან ზოგადია, კანონს უფრო ბუნდოვანს ხდის და არაფერს აზუსტებს.

"კანონში მსგავსი ცვლილება გამართლებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება შემოგვთავაზებდა კონკრეტულ მიზეზებს, რაც შეიძლება გახდეს ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვის საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამის მოხელეს და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელს ენიჭება ზედმეტად ფართო დისკრეცია, რაც ქმნის ადამიანის უფლებების შეზღუდვის გაუმართლებელ რისკებს. მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია მოქალაქის თავისუფალი მიმოსვლისათვის დამატებითი ბარიერების შექმნა და საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის ნათელი სამართლებრივი ინსტრუქციის გარეშე. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ინიციატორების ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ მოქალაქეს, რომლის ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვაც ხდება, არ მიეწოდება ინფორმაცია ამ უფლების შეზღუდვის მიზეზების შესახებ. განმარტებითი ბარათი ამბობს, რომ ასეთი შეზღუდვის შესახებ დასკვნა არის დროებითი და შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომლის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეზღუდვა გაუქმდება. გვსურს ცალსახად აღვნიშნოთ, რომ სახელწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზეზით მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის გადაწყვეტილების მისაღებად უნდა არსებობდეს მკაფიო სამართლებრივი საფუძველი. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს ამგვარი ბუნდოვანი ნორმა კანონში, ვინაიდან სახელმწიფოს ისედაც გააჩნია მოქალაქეებისთვის ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვის შესაძლებლობა ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში. თუ ინიციატორების მიზანია, კანონი შესაბამისობაში მოვიდეს კონსტიტუციის 22-ე მუხლთან, მაშინ მიზანშეწონილია კანონის მუხლში მკაფიოდ ჩაიწეროს ყველა ის საფუძველი, რომლითაც მოქალაქეს შეიძლება შეეზღუდოს ქვეყნიდან გასვლა", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ირინა იმერლიშვილმა და ზურაბ აბაშიძემ წარმოადგინეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნიდან გასვლის დროებით შეზღუდვას ითვალისწინებს.

კანონპროექტით ცვლილება შედის "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" საქართველოს კანონის მეათე მუხლში, რომელიც განსაზღვრავს, თუ რატომ შეიძლება ეთქვას უარი საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლაზე.

დღეს მოქმედი კანონით, მსგავსი შეზღუდვა მოქმედებს, თუ პირის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, არ მოუხდია სასამართლოს განაჩენით გათვალისწინებული სასჯელი, აღძრულია სამოქალაქო სამართლის სარჩელი, ან აქვს ყალბი და ვადაგასული საბუთი.

კანონპროექტის მიხედვით, პირს ქვეყნიდან გასვლის უფლება ასევე შეეზღუდება, თუ შესაბამისი უწყება გადაწყვეტს, რომ ეს აუცილებელია სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე.

პირს ამ შეზღუდვის გასაჩივრება სასამართლოში შეეძლება.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა დროებით შეაჩერა. 

კომენტარები