ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვა

ქვეყნიდან გასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტი ინიციატორებმა უკან გაიწვიეს

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

დეპუტატებმა -  ირინა იმერლიშვილმა და ზურაბ აბაშიძემ საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინიცირებული კანონპროექტი უკან გამოიხმეს. მათი განმარტებით, კანონპროექტის გაწვევის მიზეზი საზოგადოებაში გაჩენილი აზრთა სხვადასხვაობა გახდა. 

„კანონპროექტის გაუმჯობესებისა და შემდგომი სრულყოფის მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტი გამოვიხმოთ. მიგვაჩნია, რომ უმჯობესია, მოცემული საკითხის სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები შეიმუშავოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს შესაბამისი კომპეტენციით აღჭურვილმა სტრუქტურებმა, რომლებიც ქვეყანაში იცავენ სახელმწიფო და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას" - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც იმერლიშვილმა და აბაშიძემ პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს გაუგზავნეს. 

ირინა იმერლიშვილის თქმით, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო უკეთ გაწერს შესაბამის რეგულაციებს, პარლამენტში კანონპროექტს ის შეიტანს. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ირინა იმერლიშვილმა და ზურაბ აბაშიძემ წარმოადგინეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნიდან გასვლის დროებით შეზღუდვას ითვალისწინებს.

კანონპროექტით ცვლილება უნდა შესულიყო საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ საქართველოს კანონის მეათე მუხლში, რომელიც განსაზღვრავს, თუ რატომ შეიძლება ეთქვას უარი საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლაზე.

დღეს მოქმედი კანონით, მსგავსი შეზღუდვა მოქმედებს, თუ პირის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, არ მოუხდია სასამართლოს განაჩენით გათვალისწინებული სასჯელი, აღძრულია სამოქალაქო სამართლის სარჩელი, ან აქვს ყალბი და ვადაგასული საბუთი.

ახალი კანონპროექტის მიხედვით კი, პირს ქვეყნიდან გასვლის უფლება ასევე შეეზღუდებოდა, თუ შესაბამისი უწყება გადაწყვეტს, რომ ეს აუცილებელია სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე.

 

კომენტარები