ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვა

გიორგი ტუღუში ქვეყნიდან გასვლის შემზღუდავ კანონპროექტს სარისკოს უწოდებს

თბილისის აეროპორტი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი, ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში უარყოფითად აფასებს საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციატივას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ითვალისწინებს დამატებით შემზღუდავ ნორმას ქვეყნის დატოვებისას.

"კანონპროექტი რა სახითაც არის შემოტანილი, შეიცავს სერიოზულ რისკებს სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ, ჯერ ერთი, განმარტებითი ბარათი არ ასახავს, თუ რამ განაპირობა მსგავსი ინიციატივის შემოტანა და რატომ საჭიროებს კანონი მსგავს რამეს. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მსგავსი ბუნდოვანი ჩანაწერის გაკეთება კანონში შესაძლოა აღმოჩნდეს ძალიან სარისკო მომავალში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით", - განუცხადა ტაბულას გიორგი ტუღუშმა. მისივე თქმით, როცა ომბუდსმენის ოფისში მუშაობდა, მას ხშირად მიმართავდნენ ადამიანები, რომლებსაც გაურკვეველი მიზეზებით ქვეყნის დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ. ტუღუშის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ ძებნილები და საბუთებიც წესრიგში ჰქონდათ, რიგ შემთხვევებში ვერ ტოვებდნენ ქვეყანას, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კი პრაქტიკულად შეუძლებელი იყო იმის გაგება, თუ რატომ ვერ ტოვებდნენ ისინი ქვეყანას.

გიორგი ტუღუში ამბობს, რომ კანონპროექტში ბუნდოვანი პუნქტის დამატება სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს.

"მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ თუ კანონპროექტი ამ სახით მიიღეს, ის სადავო გახდეს და საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს, რამდენად კონსტიტუციურია ის", - ამბობს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, ირინა იმერლიშვილისა და ზურაბ აბაშიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით, ცვლილება შედის "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" საქართველოს კანონის მეათე მუხლში, რომელიც განსაზღვრავს, თუ რატომ შეიძლება ეთქვას უარი საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლაზე.
დღეს მოქმედი კანონით, მსგავსი შეზღუდვა მოქმედებს, თუ პირის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, არ მოუხდია სასამართლოს განაჩენით გათვალისწინებული სასჯელი, აღძრულია სამოქალაქო სამართლის სარჩელი, ან აქვს ყალბი და ვადაგასული საბუთი.

კანონპროექტის მიხედვით, პირს ქვეყნიდან გასვლის უფლება ასევე შეეზღუდება, თუ შესაბამისი უწყება გადაწყვეტს, რომ ეს აუცილებელია სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე.

პირს ამ შეზღუდვის გასაჩივრება სასამართლოში შეეძლება.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირინა იმერლიშვილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქეებს ქვეყნიდან გასვლაზე დამატებით შემზღუდავ ნორმას უწესებს, აჟიოტაჟი ზედმეტია.

"არაფერი ახალი რეგულაცია, ან შეზღუდვა ამ კანონპროექტით საქართველოს მოქალაქეებს საზღვარზე გადასვლაზე არ უწესდებათ. კონსტიტუციის 22-ე მუხლის მესამე პუნქტის ნორმა, რომელიც მოქმედებს დღესაც და იმოქმედებს ახალი კონსტიტუციის ფარგლებშიც, გადმოტანილია შესაბამის კანონმდებლობაში, იმ კანონში, რომლითაც რეგულირდება მოქალაქეების გასვლა და შესვლა საზღვარზე", - თქვა ირინა იმერლიშვილმა. მისივე თქმით, ამ კანონპროექტზე პარლამენტი დაჩქარებული წესით არ იმუშავებს და თუ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გადაწყვეტს, დოკუმენტზე დეტალური მსჯელობა გაიმართება.

კანონპროექტს უარყოფითად აფასებს საპარლამენტო უმცირესობა, რომლის წევრის, აკაკი მინაშვილის თქმით, დაუშვებელია მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლა შეეზღუდოს, თუ მის მიმართ არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება.

ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქემ ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება, 2012 წლის გაზაფხულზე მოხდა. ქართული პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი დოლაბერიძე, რომელიც იმ დროს ასევე იყო კარატეს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ახერხებდა ქვეყნის დატოვებას. თავდაპირველად მან 2012 წლის იანვარში სცადა საქართველოდან გასვლა, თუმცა, მესაზღვრეებმა გაურკვეველი მიზეზით არ გაუშვეს. იგივე მოხდა 2012 წლის მარტში. ამ საქმეში საქართველოს სახალხო დამცველიც იყო ჩართული, თუმცა, დოლაბერიძის ქვეყნიდან არგაშვების მიზეზის დადგენა ვერც მან შეძლო.

 

 

კომენტარები