ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვა

იმერლიშვილი ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვაზე: აჟიოტაჟი ნამდვილად ზედმეტია

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირინა იმერლიშვილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქეებს ქვეყნიდან გასვლაზე დამატებით შემზღუდავ ნორმას უწესებს, აჟიოტაჟი ზედმეტია. 

"არაფერი ახალი რეგულაცია ან შეზღუდვა ამ კანონპროექტით საქართველოს მოქალაქეებს საზღვარზე გადასვლაზე არ უწესდებათ. კონსტიტუციის 22-ე მუხლის მესამე პუნქტის ნორმა, რომელიც მოქმედებს დღესაც და იმოქმედებს ახალი კონსტიტუციის ფარგლებშიც, გადმოტანილია შესაბამის კანონმდებლობაში, იმ კანონში, რომლითაც რეგულირდება მოქალაქეების გასვლა და შესვლა საზღვარზე", - თქვა ირინა იმერლიშვილმა. მისივე თქმით, ამ კანონპროექტზე პარლამენტი დაჩქარებული წესით არ იმუშავებს და თუ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გადაწყვეტს, დოკუმენტზე დეტალური მსჯელობა გაიმართება.

კანონპროექტს უარყოფითად აფასებს საპარლამენტო უმცირესობა, რომლის წევრის, აკაკი მინაშვილის თქმით, დაუშვებელია, მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლა შეეზღუდოს, თუ მის მიმართ არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ირინა იმერლიშვილმა და ზურაბ აბაშიძემ წარმოადგინეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნიდან გასვლის დროებით შეზღუდვას ითვალისწინებს.

კანონპროექტით ცვლილება შედის "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" საქართველოს კანონის მეათე მუხლში, რომელიც განსაზღვრავს, თუ რატომ შეიძლება ეთქვას უარი საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლაზე.

დღეს მოქმედი კანონით, მსგავსი შეზღუდვა მოქმედებს, თუ პირის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, არ მოუხდია სასამართლოს განაჩენით გათვალისწინებული სასჯელი, აღძრულია სამოქალაქო სამართლის სარჩელი, ან აქვს ყალბი და ვადაგასული საბუთი.

კანონპროექტის მიხედვით, პირს ქვეყნიდან გასვლის უფლება ასევე შეეზღუდება, თუ შესაბამისი უწყება გადაწყვეტს, რომ ეს აუცილებელია სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე.

პირს ამ შეზღუდვის გასაჩივრება სასამართლოში შეეძლება.

 

 

კომენტარები