მავთულხლართები

შიდა ქართლის გუბერნატორი მცოცავ ოკუპაციაზე: თავი დავანებოთ მაამებლურ პოლიტიკას

შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია

შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე ქარელის რაიონის სოფელ დვანში ჩავიდა. გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დვანელებმა თქვეს, რომ თუ სადემარკაციო სამუშაოები გაგრძელდება, მავთულხლართების მიღმა აღმოჩნდება დვანის სამი მცხოვრების სახლი და 150 ჰა მიწის ფართობი. გუბერნატორი დვანის რწმუნებულის ზაზა კოპაძის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ უარყო სადემარკაციო სამუშაოების გამო საოკუპაციო ზოლის გადმოწევა და ბოდიში მოიხადა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის გამო.

"რატომ აიძულებენ ადამიანებს, მით უმეტეს, ოკუპირებული ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს, თანაც სამუშაოების მიმდინარეობის ფონზე, აკეთონ ასეთი სამარცხვინო განცხადებები. მით უმეტეს, რწმუნებულმა შესანიშნავად იცის, რომ მისი მეზობლების და თანასოფლელების ფართობების ოკუპაციას ახდენენ რუსები. პირველ რიგში, თავი უნდა დავანებოთ მაამებლურ პოლიტიკას და მკაცრად დავიცვათ ჩვენი ინტერესები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, რათა შეჩერდეს ეს პროცესი, რომელიც ბოლო ერთი წელია აქტიურად დაიწყო და ვშიშობ, რომ კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს. ასევე სასწრაფო წესით უნდა ვიზრუნოთ სოფლის მოსახლეობაზე. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, აღადგინოს სოფელ დვანის მთელი მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო და რატომღაც ახალმა ხელისუფლებამ შეაჩერა. ძალიან ბევრ ადამიანს მოუხსნა დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ აქ მაცხოვრებელი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. აგრეთვე უნდა გამოინახოს ალტერნატიული მიწის ფართობები მათთვის, ვისი მიწების ოკუპაციაც მოახდინა რუსეთმა. ჩვენ თუ ამ მიმართულებით არ წავედით, მივიღებთ გაცილებით რთულ ვითარებას, ვიდრე გვაქვს დღეს", - განაცხადა ზურაბ ჩხეიძემ.

კომენტარები