მავთულხლართების გადმოწევა

პეტრიაშვილი: დიცისა და დვანის საკითხებზე მთავრობა ორი მიმართულებით მუშაობს

eu-integration.gov.ge

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, რომ დიცის და დვანის საკითხთან დაკავშირებით მთავრობა ორი მიმართულებით მუშაობს. პირველი საერთაშორისო მხარდაჭერის მაქსიმალურად მობილიზებაა. პეტრიაშვილის თქმით, ამ მიმართულებით ყველაფერი კეთდება. მუდმივ სამუშაო რეჟიმშია საქართველოს წარმომადგენლობები საზღვარგარეთ, განსაკუთრებით, ეს ეხება ბრიუსელს, სადაც არის NATO-ს და ევროკავშირის შტაბბინები. 

"გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროპარლამენტთან და ევროპის სახალხო პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს, ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოს მთავრობის თხოვნა და პრინციპული პოზიცია, რომ ევროპარლამენტმა მოახდინოს რეზოლუციის შემუშავება, საქართველოს ოკუპაციასთან და საოკუპაციო ზოლების გავლებასთან დაკავშირებით და მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა შეწყდეს ეს საოკუპაციო ზოლის გავლება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე", - თქვა ალექსი პეტრიაშვილმა. 

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, პეტრიაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს საკუთარ მოქალაქეებთან, რათა მათ ამ რთულ ვითარებაში მაქსიმალურად ხელი შეუწყოს.

"საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ ამ პირობებში მაქსიმალურად დაეხმაროს და ნორმალური ყოფითი პირობები შეუქმნას მოსახლეობას, ჩვენ თითოეული მათგანის გვერდით ვიქნებით", - აღნიშნავს პეტრიაშვილი.

კომენტარები