მავთულხლართების გადმოწევა

მარგველაშვილი: მავთულხლართებით რუსეთი კონფლიქტის შენარჩუნებას ცდილობს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მე მინდა მივმართო საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენთან ერთად ხმა აიმაღლოს რუსეთის მიერ სრულიად უკანონო ქმედების წინააღმდეგ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კონფლიქტურ ტერიტორიაზე მავთულხლართები გაბმულია მხოლოდ იმისთვის, რომ მოხდეს კონფლიქტის შენარჩუნება.

”ოლიმპიადის დასრულების შემდეგ არანაირი ნაბიჯი არ გადაიდგა აფხაზეთში, თითქოსდა ოლიმპიადის უშიშროებისთვის შექმნილი 11-კილომეტრიანი ზონის გასაუქმებლად. ჩვენ ამაზე დაახლოებით ერთი თვის წინ მსოფლიო საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ ეს ასე იოლად არ იქნება და საჭიროა ძალიან აქტიური ჩართულობა. ჩვენ ვხედავთ, რომ განახლდა სრულიად უაზრო მავთულხლართების გავლების პროცესი. მე მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ მავთულხლართებს არ გააჩნია არანაირი სტრატეგიული სამხედრო დანიშნულება. ეს არის ერთმნიშვნელოვნად ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ქმედება”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმის პროცესის გაგრძელება, ახალი დანაშაულია და რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.

”ეს ნაბიჯი არის წინააღმდეგობაში გაეროს სულისკვეთებასთან, ეუთოს დეკლარაციებთან, რომლებზეც სხვათა შორის რუსეთს ხელი აქვს მოწერილი. მე მინდა მივმართო საერთაშორისო თანამეგობრობას, ხმა აიმაღლოს ჩვენთან ერთად ამ სრულიად უკანონო ქმედების წინააღმდეგ. ეს არის ქმედება, რომელიც მიმართულია კონფლიქტის გართულებისკენ.

მე აგრეთვე მინდა მივმართო რუსეთს. საქმე ისაა, რომ ეს არის კიდევ ერთი დანაშაული და დარღვევა საერთაშორისო სამართლის. ის რაც მოხდა მანამდე, იყო ერთი დარღვევა, ახლა ეს მავთულხლართები აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ძალიან უხეშ დარღვევას”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

კომენტარები