მავთულხლართების გადმოწევა

კანდელაკი: დასავლეთ-რუსეთის მოლაპარაკებებში საქართველოს საკითხი ქრება

timer.ge

ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკური საქმიანობის მთავარი ”შედეგი” არის ის, რომ საქართველოს საკითხი დასავლეთ-რუსეთის ორმხრივი მოლაპარაკებების პოლიტიკური დღის წესრიგიდან ნელ-ნელა ქრება - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

კანდელაკის თქმით, რუსეთმა სოჭის ოლიმპიადა საქართველოს ოკუპაციის ლეგიტიმაციისთვის გამოიყენა და ოკუპაციის პროცესი არ გაჩერებულა.

”ოლიმპიადის დასრულებისთანავე ოკუპაციის ხაზზე განახლდა მავთულხლართების და სხვა ბარიერების აღმართვა, ამ ფონზე ძალიან შემაშფოთებელია საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის მორიგი ბუნდოვანი განცხადება. ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოს მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები ამბობდნენ, რომ საოკუპაციო ხაზზე ეს სამუშაოები უკავშირდებოდა ოლიმპიადას და მერე არ გაგრძელდებოდა. დღევანდელმა დღემ ნათლად აჩვენა - რუსეთის აგრესიული ზრახვები საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არ შეჩერებულა ოლიმპიადით და კვლავაც გრძელდება”, - განაცხადა კანდელაკმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი საქართველოს მთავრობისგან ამ პრობლემის გადასაჭრელად კონკრეტულ ნაბიჯებს ითხოვს.  

”ჩვენ მოვითხოვთ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე მთავრობამ მიაწოდონ საზოგადოებას სრულფასოვანი ინფორმაცია, თუ რა ხდება და თავად რას აკეთებენ, თუ რაიმეს აკეთებენ საერთოდ ოკუპაციის შესაჩერებლად. ასევე მოვითხოვთ, მთავრობამ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რას აკეთებს ის საქართველოს საკითხის დასავლეთ-რუსეთის ორმხრივ მოლაპარაკებებში მაღალ ნიშნულზე შესანარჩუნებლად”, - განაცხადა დეპუტატმა.  

 

კომენტარები