მავთულხლართების გადმოწევა

მურატ ჯიოევი: ვაფრთხილებ დვანის მოსახლეობას, არ დაარღვიონ ეს საზღვარი

for.ge


რუსმა ოკუპანტებმა ქარელის რაიონის სოფელ დვანში სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლის მურატ ჯიოევის თქმით, საზღვრის გავლების ჩვეულებრივი სამუშაო მიმდინარეობს.

"მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გავლების ჩვეულებრივი სამუშაოები. ჩვენ ვხელმძღვანელობთ სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციით, რომლის თანახმადაც ეს ხაზი ეკუთვნის ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს. სწორედ ამ ხაზით ვსაზღვრავთ ჩვენ ტერიტორიას. ვაფრთხილებთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ რაიმე მიზეზით ან პროვოკაციის შედეგად არ დაარღვიონ ეს საზღვარი", - ამბობს ჯიოევი.

რუსმა ოკუპანტებმა მოსახლეობას ყანის ასაღებად საათ-ნახევარი მისცეს. ადგილობრივების თქმით, ხეხილის აღებას ისინი ვერ მოახერხებენ. მოსავლის აღება ხვალიდან უკვე შეუძლებელი იქნება.

რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ დვანში სადემარკაციო სამუშაოები 22 სექტემბერს განაახლეს. გორის რაიონის გამგებლის, პაპუნა კობერიძის თქმით, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი მავთულხლართების გაბმის დასრულების შემდეგ 400-500 მეტრით გადმოიწევს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა ქართული სოფლის ბაღ-ვენახები და სახნავ-სათესი მიწები. მესაზღვრეები რუკის მიხედვით მოქმედებენ.

კომენტარები