საქართველოს მთავრობამ ერთხმად დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც გამომდინარეობს კონსტიტუციაში უკვე შეტანილი ცვლილებიდან და ამ ცვლილებასთან ერთად 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც მთავრობის მეთაურად პრემიერმინისტრი და არა პრეზიდენტი განისაზღვრება.
ცვლილებები ძალაში ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შევა.
ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტის უფლებამოსილებები განისაზღვრება მხოლოდ კონსტიტუციით და არა სხვადასხვა კანონით. მთავრობა მხოლოდ პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული. სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებები (მაგალითად, დაზვერვის სამსახური), რომლებიც უშუალოდ პრეზიდენტს ექვემდებარებოდა, გადადის უშუალოდ პრემიერის დაქვემდებარებაში, თუმცა, მათ ნორმატიულ აქტებს პრემიერმინისტრის წარდგინებით დაამტკიცებს მთავრობა, როგორც ნორმატიული აქტის გამომცემი კოლეგიური ორგანო. სპეციალური დაწესებულება ანგარიშვალდებულია მხოლოდ პრემიერმინისტრის წინაშე, რომელიც უშუალოდ ზედამხედველობს მის საქმიანობას. პრეზიდენტს ასევე აღარ ექნება უფლება, სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი თვითონ დანიშნოს. გუბერნატორს თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს მთავრობა.
რაც შეეხება კონტრასიგნაციის თემას, პარლამენტი "საგანგებო მდგომარეობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს იხილავს, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს საგანგებო მდგომარების გამოსაცხადებლად, საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დასანიშნად, პრემიერმინისტრის თანხმობა დასჭირდება.
აღნიშნული კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.





