ფეხბურთი

გიორგი დევდარიანი - რა იქნება ექვს თვეში?!

წლევანდელი ზაფხული საფეხბურთო კუთხით საკმაოდ ცხელი გამოდგა. საერთოდ, ქართველი გულშემატკივარი ევროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, თუნდაც ქვეცნობიერად, ფიქრს ევროტურნირებზე იწყებს. იქნებ წელს მაინც... რა იქნება, რომ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ქართულ სტადიონებზეც მოვისმინოთ... თითქმის ათი წლის წინ, თბილისის დინამომ უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, სადაც ყველა მატჩი დათმო – ეგ იყო და ეგ, მსგავსი, ან უფრო დიდი წარმატებისთვის, ქართულ კლუბებს ევროტურნირებზე არ მიუღწევიათ.

წელს, ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს სახელით დინამო თბილისი გამოდიოდა, ევროპა ლიგაზე კი, ქუთაისის ტორპედო, საჩხერის ჩიხურა და გორის დილა. დინამო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ბუქარესტის სტიაუამ გამოთიშა და ჩემპიონიც ევროპა ლიგის პლეი-ოფში ტოტენჰემთან ორრაუნდიან დაპირისპირებაზე გადაერთო. რაც შეეხება თავიდანვე ევროპა ლიგაზე მოთამაშე ქართულ გუნდებს, ტორპედომ აშკარად წარუმატებლად იასპარეზა და ერთადერთი დადებითი მოგონება სახლში 0:3 მარცხის შემდეგ, სტუმრად ფრედ – 2:2 ნათამაშები შეხვედრაღა დარჩა. რაც შეეხება საჩხერის ჩიხურას, ამ გუნდისგან წარმატებულ თამაშს არავინ ითხოვდა. ევროტურნირების დებიუტანტისგან რაიმე სერიოზული მიზნის მიღწევა არარეალური ჩანდა და ამის ფონზე, ჩიხურა ევროპა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა, რაც მისთვის ცოტა არ არის.

ქართულ გუნდებს შორის მთავარი სიურპრიზის ავტორი გორის დილაა. ევროტურნირებამდე ცოტა ხნით ადრე შეკრებილმა გუნდმა პლეი-ოფამდე გააღწია, თან ისე, ვერავინ იტყვის, რომ ეს შემთხვევით მოხდა. შედეგთან ერთად, გორულმა კლუბმა ძალიან ლამაზი ფეხბურთი აჩვენა და პლეი-ოფამდე გასულს, საკუთარ კარში გოლი არ მიუღია. ფეხბურთელებთან ერთად, ამ წარმატების მთავარი შემოქმედი, დილას მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანია. ამ სპეციალისტმა, თითქოსდა ყველა საზომით უკეთესი კლუბები – დანიური ოლბორგი და სპლიტის ჰაიდუკი, ლამაზი და, ამავდროულად, შედეგიანი სტილით გამოთიშა გათამაშებას.

ტაბულა დევდარიანს იქამდე ესაუბრა, სანამ დილა რაპიდთან მატჩებს გამართავდა:

თქვენ, გია ცეცაძე, ვასილ მაისურაძე და კიდევ რამდენიმე სპეციალისტი, ქართველ მწვრთნელთა შედარებით ახალ თაობას მიეკუთვნებით. სხვადასხვა ნაკრებებში და თუნდაც გორის დილაში ჩატარებული სამუშაოს მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული მწვრთნელი ხართ.

პირველ რიგში, თანამედროვე ქართველ მწვრთნელებზე როდესაც ვსაუბრობთ, შეიძლება ჩვენ შორის პატარა ასაკობრივი სხვაობაა, მაგრამ აუცილებლად გია გეგუჩაძეც უნდა ვახსენოთ. ასევე არის რამდენიმე მწვრთნელი, რომლებსაც ჯერ თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მიეცათ, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სპეციალისტები არიან და პირველივე შანსს გამოიყენებენ. რაც შეეხება წარმატებას, ეს ძალიან პირობითი ცნებაა... თუ მხედველობაში მივიღებთ იმ საკლუბო კრიზისს, რაც დღეს გვაქვს, დიახ, ამის ფონზე წარმატებაა. თუმცა, თუ ნორმალურ საფეხბურთო ქვეყნებს შევადარებთ, მათ ფონზე არც არაფრისთვის მიგვიღწევია. პლეი-ოფში შევედით, შარშანაც იყო ამ ეტაპზე გორის დილა – განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ყოველთვის ვცდილობ, არ ჩამოვრჩე იმ პროცესებს, რაც მსოფლიოში ფეხბურთის განვითარების კუთხით მიმდინარეობს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩემ გარშემო ძალიან კარგი გუნდია შეკრებილი. დიდი საქმე გააკეთეს კლუბის მენეჯერებმა, ლევან სილაგაძემ და მამუკა ჯუღელმა. რა თქმა უნდა, კადრების შერჩევა ჩემი გემოვნებით მოხდა, მაგრამ ამ ადამიანების გარეშე, ამ ფეხბურთელებს თავს ვერ მოვუყრიდი. ასეთი სწორი მუშაობის შემდეგ, მივიღეთ ის შედეგი, რაც დღეს აქვს გორის დილას.

წარმატებებთან ერთად, იყო უსიამოვნო პერიოდებიც. მაგალითად, დინამოში თქვენს მუშაობას წარმატებულს ვერ დავარქმევთ...

ძალიან მომწონს ფრაზა „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს". წარუმატებელი პერიოდი თბილისის თბილისშიც მქონდა და დინამოშიც. ორი ფორმაციის თბილისის თბილისში მომიწია მუშაობა – ერთი იყო ძალიან წარმატებული გუნდი, რომელიც სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა, შემდეგ კი დიდი ჩავარდნა მქონდა. მას მერე, პატარა პაუზა იყო, რის შემდეგაც ბავშვთა ფეხბურთში გადავინაცვლე. ამის შემდეგ ნაკრებში მუშაობის პერიოდი იყო, მერე დინამოში ვიყავი და ახლა გორის დილას ვწვრთნი. რომ არა ეს წარუმატებელი პერიოდები, ალბათ წარმატებასაც ვერ მივაღწევდი. მუდმივად კარგი პერიოდები ხომ რეალობის აღქმას გიცვლის, ასეთი დაბალანსებული კარიერა კი ადამიანს ზრდის, პიროვნულადაც და საქმეშიც. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ცხოვრების ამ განსხვავებულ პერიოდებში, არასოდეს მიფიქრია, რაიმე სხვა მეკეთებინა. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ის საქმე, რასაც ვაკეთებ და ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო.

თქვენი აზრით, დღეს როგორია სამწვრთნელო დონე საქართველოში?

სამწვრთნელო კუთხით, ფედერაციის მხრიდან დიდი სამუშაო ტარდება. შეიძლება ვინმეს სხვა აზრი ჰქონდეს, მაგრამ ეს ფაქტია. შესაძლოა, ერთი და იმავე სემინარიდან სხვადასხვა სტუდენტმა განსხვავებული ინფორმაცია გამოიტანოს – ამისგან დაზღვეული არავინაა. პირადად მეც და თქვენ მიერ ჩამოთვლილმა მწვრთნელებმა – გია ცეცაძემ, ვასილ მაისურაძემ და ასევე თემურ შალამბერიძემ, C, B, A ლიცენზიები საქართველოში ავიღეთ. ეს კურსები ფედერაციის და, კონკრეტულად, გაიოზ დარსაძის მიერ იყო ორგანიზებული. ვთვლი, რომ საკმაოდ ნაყოფიერი და ყოვლისმომცველი სემინარები იყო, უბრალოდ, იმ ხალხის გარკვეულ ნაწილს, ვინც კურსებს დაესწრო, თავისი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ მიეცა.

თავად რამდენად ეცნობით თქვენს პროფესიაში არსებულ თანამედროვე ტენდენციებს?

როგორც ვთქვი, საქართველოში ჩატარებულ სემინარებს ხშირად ვესწრები. პარალელურად, საზღვარგარეთ ხშირად არის რამდენიმედღიანი შეკრებები, სადაც მწვრთნელებს შორის აზრთა გაცვლის პროცესი მიმდინარეობს და მეც ხშირად ვესწრები ხოლმე. ამას გარდა, დღევანდელ დღეს, ინტერნეტი იმხელა შესაძლებლობებს იძლევა, რომ თუ ადამიანს აინტერესებს, ინფორმაციულ დონეზეც შესაძლებელია განვითარება.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ტარდება, განვითარდა მისი დონე? და საერთოდ, როგორ მდგომარეობაშია დღეს?

მე რომ მკითხოთ, ახლა ეროვნული ჩემპიონატი საშინელ მდგომარეობაშია. განვითარდა თუ არა? არა, ნამდვილად არ განვითარებულა. ბევრია ისეთი გუნდი, რომლებსაც 4-5 ტურის შემდეგ სამგზავრო ფული აღარ აქვთ და რას აკეთებენ, არავინ იცის. მინდვრები არ აქვთ... მოკლედ, საქმე უკან მიდის. პირველ რიგში რა უნდა გაკეთდეს? არ ვიცი, ასე ხელაღებით თქმა რთულია. მნიშვნელოვანია ფინანსები, შემდეგ კი ადამიანური რესურსები. ფულსაც სწორად დახარჯვა უნდა და ადამიანურ რესურსებსაც სწორად მოძიება, გამოყენება სჭირდება.

საინტერესოა თქვენი აზრი ასაკობრივ ნაკრებებზე, სადაც თავადაც გიმუშავიათ...

სულ რომ ჩასაფრებული ადამიანის პოზიციიდან ისაუბროს, ვერავინ იტყვის, რომ პროგრესი არ არის. არის და თან თვალშისაცემი. ორი ასაკობრივი ნაკრები ფინალურ ეტაპზე მოხვდა – ეს ფაქტია. რატომ უნდა ვუგებდეთ, მაგალითად, ინგლისის ნაკრებს? რა გვაქვს მათზე უკეთესი? მოდი, გადავხედოთ ჩვენს ქვეყანას – რომელი დარგია განვითარებული? სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ, თუ რა ხდება განათლების სისტემაში. შევხედოთ, ეკონომიკაში რა ხდება, კინემატოგრაფიაა განვითარებული, მედიცინა, მანქანათმშენებლობა თუ რა? რაღაც ზეწარმატებებზე რომ გვაქვს პრეტენზია, ეს ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვერ მოხდება.

ფეხბურთი ცალკე ვერ განვითარდება, ყველაფერი კომპლექსურად უნდა მოხდეს. შესაძლოა, ოპონენტებმა მითხრან, რომ ხორვატიის ნაკრებმა ომის დროს მიაღწია წარმატებას, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევაა, რაზეც ჩვენი ფეხბურთის განვითარების აწყობა არ შეიძლება. ასე გარინჩა კოჭლი იყო, მაგრამ ამის გამო კოჭლებს ხომ არ დავუწყებთ ფეხბურთის სათამაშოდ დევნას?! ვიმეორებ, ეს არის ერთეული მაგალითები. მესმის, რომ ფეხბურთი ყველას გვიყვარს, გვსურს, ჩვენი გუნდები წარმატებულად თამაშობდნენ, მაგრამ ასე რომ მოვინდომოთ ქართული ფეხბურთი ასტრალში გავიდეს, იმ დროს როცა სხვა ყველა სფერო დაბალ დონეზეა, არაფერი გამოვა. თუმცაღა, ასაკობრივ ნაკრებებში აშკარა პროგრესია, რაც ფედერაციის მიერ გაწეული სწორი მუშაობის შედეგია.

როგორ შეაფასებდით გია ცეცაძის გუნდის გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე?

ეს გუნდი ევროპაში მერვე ადგილზე გავიდა და უკან ინგლისის, შოტლანდიისა და ბელგიის გუნდები მოიტოვა. ამის შემდეგ, რანაირად შეიძლება კაცს ენა მოგიბრუნდეს და 19-წლამდელთა ნაკრების ბოლოდროინდელ გამოსვლას წარუმატებლობა უწოდო, უბრალოდ არ მესმის. სად არიან ის გუნდები, ვინც ჩვენ გამოვთიშეთ და სად ვართ ჩვენ? რატომ უნდა მოვუგოთ ინგლისის და ბელგიის ნაკრებებს, მე არ მესმის. უბრალოდ იმიტომ, რომ ქართველები ვართ, თუ რაიმე სხვა არგუმენტი არსებობს? ინგლისზე უკეთესი ინფრასტრუქტურა გვაქვს, სპორტული მედიცინაა უკეთ განვითარებული თუ რა გვაქვს უკეთესი?

ეროვნული ნაკრებზე თქვენი აზრი როგორია? ის აშკარად წარუმატებლად თამაშობს...

ეროვნული ნაკრების გამოსვლას წარმატებულს ნამდვილად ვერ დავარქმევ. სიმართლე გითხრათ, მიფიქრია ამ თემაზე, მაგრამ რადგან უშუალოდ ჩემი პასუხისმგებლობა არ არის, დიდი დრო ამ საკითხისთვის არ დამითმია. ერთი კი მინდა ვთქვა – ჩვენი ახალგაზრდების განვითარება არ ხდება სწორად და ამიტომაცაა, რომ ეროვნული ნაკრები წარუმატებელია. ჩვენი ბავშვები რომ უნიჭოები იყვნენ, ასეთი წარმატება 17 და 19-წლამდელებს არ ექნებოდათ, მაგრამ ამ ასაკის შემდეგ, უკვე 21-წლამდელებს და ეროვნულ ნაკრებს, აღარ აქვთ ასეთი შედეგები. ლოგიკურად მივდივართ დასკვნამდე, რომ ამ ასაკის შემდეგ, ფეხბურთელთა განვითარება აღარ ხდება. თუ გადავხედავთ დღევანდელი ნაკრების შემადგენლობას, ერთ გვარსაც ვერ მეტყვით, რომელიც თუნდაც საშუალო ევროპული დონის გუნდში თამაშობს. ძირითადი ბირთვი, უკრაინის და რუსეთის მეორეხარისხოვან გუნდებში ასპარეზობს.

არსებობს მოსაზრება, რომ დღეს ისეთი ფეხბურთელები აღარ გვყავს, როგორიც, ვთქვათ, 7-8 წლის წინ გვყავდა. ასეა? აღარ გვყავს იმ დონის შემსრულებლები, რომ ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად რეალურად ვიბრძოლოთ?

თითქმის არცერთი ფეხბურთელი საშუალო ევროპულ გუნდში არ თამაშობს. ასეთი რამდენიმეა, მათ შორის ლევან მჭედლიძე და ლევან კობიაშვილი მახსენდება, რომელსაც მართალია მწვრთნელი არ იძახებს, მაგრამ ფაქტია. ფაქტია, რომ აღარ არის ისეთი არჩევანი, ადრე რომ იყო. ჯამარაული, ქინქლაძე, კალაძე, არველაძე – ეს ხალხი კარგ ევროპულ გუნდებში, საკმაოდ წარმატებულად თამაშობდა, დღეს კი სხვა მდგომარეობაა. ვთვლი, რომ დღევანდელი ქართველი ფეხბურთელების გარკვეული ნაწილი მიღწეულით კმაყოფილდება და შემდეგ, გარკვეულწილად, მოტივაციას კარგავს. ვერ დავიჯერებ, რომ ოქრიაშვილი, თარგამაძე, ყენია, ჭანტურია, ყაზაიშვილი – ეს ფეხბურთელები ნიჭიერები არ არიან. 17-19 წლამდელთა ნაკრებში ისინი ნებისმიერ მეტოქესთან გამოირჩეოდნენ. იმ აზრს, რომ საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელები აღარ არიან, ნამდვილად ვერ დავეთანხმები. მე ვნახე ლუკა ზარანდიას თამაში და რამდენ გუნდსაც ვეთამაშეთ, მსგავსი ფეხბურთელი არ შემხვედრია. სამწუხარო ისაა, რომ უცხოელი საშუალო ნიჭის მქონე ფეხბურთელები ხშირად ვარსკვლავები ხდებიან, ჩვენები კი რაღაც ეტაპზე ჩერდებიან.

გასაკვირი არაა, რომ გორის დილასგან ასეთ წარმატებულ თამაშს ბევრი არ ელოდა და ამის საფუძველიც არსებობდა – გუნდი, ფაქტობრივად, ორი თვის წინ ახლიდან შეიქმნა. თავადაც განაცხადეთ – არ ვიცი, რომელი ფეხბურთელი როდის დაგვტოვებს, ბოლომდე ვიბრძოლებთ, მაგრამ ძნელია ასეთ სიტუაციაში გუნდის ჩამოყალიბებაო. მაინც როგორ შეძელით, ყველაფრის მიუხედავად, ასეთი შედეგის მიღწევა?

როგორც უკვე ვთქვი, მნიშვნელოვანი იყო მენეჯერების თანადგომა. ამ ხალხმა, ვინც მოვითხოვე, ის ფეხბურთელები დაითანხმეს და მართალია, მწირ ხელფასებზე, მაგრამ ახლა ისინი ჩვენს გუნდში თამაშობენ. კლუბში დამხვდნენ მოთამაშეები, ვინც არ მომწონდა, ისინი წავიდნენ, გარკვეული ნაწილი დარჩა და ახლებიც დავიმატეთ. მაგალითად, დინამოში გარკვეული ფეხბურთელების ხილვა მსურდა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, დილაში კი, საბედნიეროდ, პირიქითაა. ეს არის ერთ მუშტად შეკრულ ადამიანთა ჯანსაღი ჯგუფი.

უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ. ტაქტიკის და ხრიკების გათქმას არ გთხოვთ, მაგრამ იგივე ოლბორგთან მატჩებში, განსაკუთრებით თბილისში, ნათლად გამოჩნდა მწვრთნელის ხელი. ფეხბურთელების გარჯას, რა თქმა უნდა, არ ვაკნინებ, მაგრამ ეს იყო მწვრთნელის მიერ იდეალურად დამოძღვრილი გუნდი. იქნებ გვითხრათ, როგორ შეძელით ოლბორგის და ჰაიდუკის დამარცხება? რამდენად კარგად შეისწავლეთ?

გუნდები ზედმიწევნით კარგად შევისწავლეთ. ვუყურეთ არაერთ თამაშს, გავარჩიეთ ფეხბურთელთა სათამაშო არეალი, ვინ როდის იღლებოდა. ამის მიხედვით ვაკეთებდი შეცვლებს თამაშის გასამწვავებლად... მოკლედ, არ მინდა, რომ ამპარტავნებაში ჩამეთვალოს, მაგრამ როგორც შემდგომში გამოჩნდა, ძალიან კარგად დავგეგმეთ ეს მატჩები. ამაში ჩართულია მთელი ჯგუფი, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობს. თუმცა ერთია დაგეგმვა და მეორე შესრულება. ზუსტად ეს არის მთავარი, რომ ფეხბურთელებმა ყველაფერი კარგად შეასრულეს, რადგან მათ ჩემი სჯერათ, მეგობრები ვართ და ასე მივაღწიეთ შედეგს. გორელიშვილი და აბურჯანია ძალიან მომწონს და კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ამ ეტაპზე ორი ტაიმისთვის მზად არ არიან. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ჯერ მეტოქე ფეხბურთელები სანამ დაიღლებოდნენ, იქამდე უნდა გაგვეძლო, აქცენტს დაცვაზე ვაკეთებდით და მეორე ნახევარში, დაღლილობის ფონზე, გორელიშვილი ამიტომ შემოგვყავდა. იგივეა დოლიძის შემთხვევაშიც. ასე რომ, გითხრათ, ვიცოდი, რომ გორელიშვილი და დოლიძე შეცვლაზე შემოვიდოდნენ და მეტოქეს გოლს გაუტანდნენ-მეთქი, არ იქნება სიმართლე, მაგრამ ის კი ვიცოდით, რომ დაღლილ ოპონენტთან სარგებელს მოგვიტანდნენ.

რამდენად აქვს ამ დილას მომავალი იმის გათვალისწინებით, რომ სიტუაცია არამდგრადია და არ იცით, რომელი ფეხბურთელი როდის წავა?

დღეს აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს 6-თვიანი კონტრაქტი აქვს. გააჩნია, როგორ პერსპექტივაზე ვსაუბრობთ, ნახევარწლიან გუნდს, რა თქმა უნდა, მომავალი არ აქვს. ჩვენ შეგვიძლია ეს პერიოდი მაქსიმალურად კარგად ვითამაშოთ, მაგრამ რაზეა საუბარი, როდესაც – კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ყველა მოთამაშე ჩვენთან ექვსი თვით არის.

ევროპა ლიგაზე წარმატებული თამაშით კლუბმა ხომ ფინანსებიც გამოიმუშავა?

რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ის ფინანსებია, რითიც დღეს პრემიები რიგდება და ბევრად უკეთესი საწვრთნელი პირობები გვაქვს, ვიდრე გვქონდა. ანუ, ეს გამომუშავებული თანხა ისევ გუნდს ხმარდება. აქ საუბარი არ არის ისეთ ფულზე, რაც კლუბის სამომავლო განვითარებაზე დიდ გავლენას მოახდენს. ამის მიუხედავად, რაც ჩვენს ძალებშია, ყველაფერს გავაკეთებთ, ვიბრძოლებთ და რასაც ქვია, თავს შევაკლავთ.

 

კომენტარები