რელიგიური შეუწყნარებლობა

მიხეილ სააკაშვილი: რაც მოხდა ადიგენში, წინასწარ განზრახული პროვოკაციაა

www.chveniambebi.info

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, ადიგენში მომხდარი ფაქტი წინასწარ განზრახული პროვოკაციაა.

"მინდა გამოვეხმაურო იმ უკანონობას, რომელიც ჩადენილი იყო ქართველი მუსლიმების მიმართ და რომელმაც აღგვაშფოთა ბევრი ქართველი მართმადიდებლები. მე ვფიქრობ, ის, რაც მოხდა ადიგენში, ეს არის სრულიად წინასწარ განზრახული, ძალიან ცუდი შინაარსის მქონე პროვოკაცია, რომელიც საბოლოო ჯამში, აპირისპირებს ქართველს ქართველთან. აპირისპირებს საქართველოს სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე მოქალაქეებს და ეს არის გაგრძელება მრავალთვიანი ტენდენციის. ის, რომ ეს წინა მთავრობის დროს არ ხდებოდა, ეს არ იყო შიშის ბრალი, ეს იყო იმის ბრალი, რომ ჩვენ მუდმივად ვიმეორებდით - საქართველოში ყველა თანასწორია, საქართველო ეკუთვნის ყველას", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით,მუსლიმებისთვის მინარეთის მოხსნა იგივეა, რაც მართლმადიდებლებისთვის და საერთოდ ქრისტიანებისთვის, ეკლესიიდან ჯვრის მოხსნა.

მიხეილ სააკაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის, სიმონ პარუნაშვილის, დაკავებასაც გამოეხმაურა.

მე მინდა ვუთხრა მთავრობას, რომ ნუ ჩაიგდებს თავს ასეთ უხერხულ სიტუაციაში. რას ნიშნავს დღეს, როცა იქ ასეთი სამოქალაქო დაძაბულობის კერაა, გამგებელმა, რომელმაც უარი თქვა, ჩემი  ინფორმაციით, უკანონო ბრძანების შესრულებაზე, მინარეთის დაშლაზე. ამ გამგებელს ამ ბრძანების არშესრულებიდან რამდენიმე დღეში აკავებ, 2009 წელს თუ გასულ წლებში რაღაც სამსახურებრივი გადაცდენის ბრალდებით, ეს არის არა მხოლოდ ძალიან უხერხული, არამედ დიდი უპატივცემულობა ქართული საზოგადოების მიმართ. მე ვფიქრობ კანონიერება უნდა აღდგეს, ყველას უფლებები უნდა იყოს უზრუნველყოფილი. იქაც, ადგილზე ძალიან ბევრი მართლმადიდებელი და სხვა აღმსარებლობის ხალხი ძალიან დიდი აღშფოთებით შეხვდა იმასქ რაც მოხდა და ყველამ უნდა დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და სამოქალაქო უფლებები.“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები