რელიგიური შეუწყნარებლობა

ჭელას მცხოვრებლები დაკავებულ და ნაცემ მუსლიმებზე საუბრობენ

სოფელ ჭელის მეჩეთი
”სამხრეთის კარიბჭე” sknews.ge

"სამხრეთის კარიბჭე" სოფელ ჭელას მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მინარეთის დემონტაჟის დროს პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა, რომლებიც კორდონის გარღვევას და მინარეთთან მიახლოებას ცდილობდნენ. ადგილობრივების თქმით, სოფელში არიან ნაცემებიც. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში 70 წლის ოთარ მარკოიძეა, რომელიც კონდახით სცემეს.

როგორც გამოცემა იტყობინება, ჭელაში, მეჩეთთან ათობით ადამიანია შეკრებილი. ადგილობრივების თქმით, რომ ჭელაში მთელი რეგიონის პოლიცია იყო. მათივე თქმით, 6 ადამიანი ძალიან ნაცემია: „ისინი მანქანებში ვერ ჩასხდნენ, ჩადეს, სიკვდილამდე არიან ნაცემი. გასროლაც მოხდა, ხალხის დაშინების მიზნით გაისროლეს, ალყა ჰქონდათ გაკეთებული მინარეთის გარშემო, როცა დემონტაჟი ხდებოდა, ვინც სცადა რომ კორდონი გაერღვია, ყველა სასტიკად ვართ ნაცემი“ - განუცხადეს ”სამხრეთის კარიბჭეს”/

ერთ-ერთ ნაცემს „სამხრეთის კარიბჭეც“ ესუაბრა, მას მხარში კონდახი აქვს ჩარტყმული: „მასე თუ ადამიანს გაიმეტებდნენ, ვერ წარმომედგინა. 80 წლის ხალხს წიხლები ურტყეს. 2 კაცი იმიტომ აიყვანეს, რომ შეგვაგინაო“, - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს სოფელ ჭელაში მეჩეთიდან მინარეთი მოხსნეს. გამგებლის განცხადებით, დემონტაჟი საბაჟომ განახორციელა. ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე კი ტაბულასთან საუბარში აცხადებს, რომ:

”მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა სოფელ ჭელაში. ადგილობრივი მოსახლეობისგან ვეღარ ვღებულობთ ინფორმაციას, ყველას, მუსლიმთა წარმომადგენლებს თუ საკონტაქტო პირებს გაათიშინეს ტელეფონები. როგორც ჩემთვის ცნობილია, ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, რომელმაც მეჩეთთან არ მიუშვა ადგილობრივი მოსახლეობა, მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, როგორც ვიცი სხვადასხვა სოფლებიდან დაიძრა ხალხი იმის გასარკვევად, რატომ მოხდა მინარეთის დემონტაჟი. ვერც გამგებელი და ვერც ვერავინ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ რაიმე საკანონმდებლო ჩარჩოში მოიყვანს ამას და აღვადგენთ მინარეთს. ეს მინარეთი გამოიწვევს ძალიან სერიოზულ დაპირისპირებას და ამიტომ ვფიქრობთ რომ ამას თვითონვე, თავიდანვე სჭირდება მიხედვა. ” - აცხადებს ტარიელ ნაკაიძე. 

 

კომენტარები