რელიგიური შეუწყნარებლობა

სახალხო დამცველი სოფელ სამთაწყაროში განვითარებული მოვლენების შესწავლას განაგრძობს

ombudsman.ge

სოფელ სამთაწყაროში რელიგიურ ნიადაგზე განვითარებული კონფლიქტური მოვლენების შესახებ სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

ტექსტში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად ჩართულია და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში ადგილობრივი მუსლიმების მიმართ შექმნილ პრობლემებს სწავლობს. მათ შორის, რელიგიური წესის აღსრულებაში სავარაუდო ხელისშეშლისა და კონკრეტული პირების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს.

განცხადებაში წერია, რომ 2 ივლისს სახალხო დამცველმა რეკომენდაციებით მიმართა საქართველოს შს სამინისტროს და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რათა ადეკვატური ზომები მიეღოთ, როგორც რელიგიის თავისუფლების, ასევე ცალკეული პირების ფიზიკური ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით. 22 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველს შეატყობინეს, რომ კახეთის სამხარეო სამმართველოში სოფელ სამთაწყაროში რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

29 ივლისს სახალხო დამცველის აპარატს სოფელ სამთაწყაროს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, გულო ნადირაშვილის, დისციპლინური გადაცდომის შესახებ წერილობით აცნობეს. ნადირაშვილს გაფრთხილება მისცეს. თუმცა, გადაცდომა რამდენჯერმე მაინც განმეორდა.

"მიუხედავად უკვე გატარებული ღონისძიებებისა, სოფელ სამთაწყაროში ადგილობრივი მუსლიმების რელიგიური თავისუფლების უზრუნველყოფის პრობლემები კვლავ რჩება. 2013 წლის 2 აგვისტოს კახეთს საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ვიდეომასალა, სოფელ სამთაწყაროში პარასკევის ლოცვის ჩატარების შესახებ. ვიდეომასალაში ნათლად ჩანს როგორც სოფლის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, გულო ნადირაშვილის, ასევე სხვა პირთა (რომელთა ვინაობა სახალხო დამცველის აპარატისათვის უცნობია) მხრიდან უკმაყოფილება და წინააღმდეგობა მუსლიმთა პარასკევის ლოცვასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატი ასევე წერს, რომ  რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. სახელმწიფოს კი ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, ამ უფლებაში გაუმართლებელი ჩარევა არ დაუშვას.

სახალხო დამცველის აპარატი იმედოვნებს, რომ სამართალდამცავები დროულად და ეფექტურად გამოიძიებენ მსგავს ფაქტებს, რაც შემდგომში მათ პრევენციას ხელს შეუწყობს.

კომენტარები