ნაციონალური მოძრაობის პატიმრობაში მყოფმა გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა, აგვისტოს ომის 5 წლისთავთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა.
"5 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს იმ ტრაგიკული დღეებიდან, როდესაც ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ მოუწია საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ჩაბმა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილმა აგრესორმა მოახდინა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი დევნილად აქცია, ქართულმა ჯარმა და პოლიციამ, ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მოახერხა ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნება", - წერია განცხადებაში.
ვანო მერაბიშვილმა ომში დაღუპული ადამიანები გაიხსენა, პატივი მიაგო და მათ ოჯახებს მიუსამძიმრა. მან, ასევე, პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.
"აქვე მინდა, ჩემი მადლიერება გამოვხატო იმ პოლიციელების მიმართ, რომლებიც დღესაც, მსახურობენ რა ოკუპაციის ხაზზე მდებარე საგუშაგოებზე, დღისით თუ ღამით, ქარსა თუ წვიმაში, უშიშრად იცავენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მშვიდ ცხოვრებას", - აღნიშნავს მერაბიშვილი.





