თბილისის საქალაქო სასამართლო

რევაზ კარალიძე და ავთანდილ ცეცხლაძე გირაოს სანაცვლოდ თავისუფლდებიან

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რევაზ კარალიძე 15-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლდება. ამავე ოდენობის გირაო შეეფარდა მეორე ბრალდებულს, ავთანდილ ცეცხლაძეს.

გირაოს გადახდის ვადად სასამართლომ 10 დღე განსაზღვრა და ბრალდებულები პატიმრობიდან თანხის გადახდისთანავე გათავისუფლდებიან.

შეგახსენებთ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რევაზ კარალიძე და ავთანდილ ცეცხლაძე 20 ივლისს წინ დააკავეს. როგორც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა, ორივე ბრალდებული ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გამოავლინეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რევაზ კარალიძე და ქრთამის აღებაში დამხმარე პირი. ამჟამად ორივე მათგანი დაკავებულია. გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ კარალიძემ, რომელიც ამავდროულად იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მის თანამზრახველთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ე.წ. ეკოპლაჟის ფიჭვნარის ტერიტორიაზე მდებარე 6 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მასივის გასხვისებისა და შეღავათიანი საინვესტიციო პირობის დაწესებაში თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა 120 ათასი ლარი. მოლაპარაკების პროცესში კარალიძემ და მისმა თანამზრახველმა მიწის შესყიდვით დაინტერესებულ პირს ავანსის სახით წინასწარ გამოართვეს 30 ათასი ლარი, რა დროსაც ორივე მათგანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

კომენტარები