საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქი რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა

პატრიარქი

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და საქართველოს მარლთმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია რუსეთში გაემგზავრა.

"ჩვენ მივემგზავრებით მოსკოვში, კიევსა და მინსკში. რუსეთის ეკლესია აღნიშნავს გაქრისტიანების 1025 წელს. ჩვენს შეხვედრები გვექნება რუსეთის პატრიარქ კირილთან და სხვა მღვდელმთავრებთან, ასევე შეხვედრა გვექნება პრეზიდენთან, იმედია, კარგი შედეგებით დავბრუნდებით", - განაცხადა აეროპორტში საქართველოს პატრიარქმა.

პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, დღეს, 23 ივლისს დაგეგმილია მოსკოვში სტუმრად ჩასული ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებისა და მაღალი რანგის სასულიერო პირების შეხვედრა პუტინთან, 27 ივლისს უკრაინის პრეზიდენტთან, 29 ივლისს კი ბელარუსის პრეზიდენტთან.

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ ქვეყნის ტერიტორია უკვე დატოვა.

უკანასკნელად პატრიარქი მოსკოვში წელს, 20 იანვარს იმყოფებოდა. მაშინ ილია მეორე რუსეთის საპატრიარქომ და საერთაშორისო საზოგადოებრივი ერთობის ფონდმა დააჯილდოვა. ილია მეორე მოსკოვში ვიზიტისას აცხადებდა, რომ ვლადიმირ პუტინი რუსეთისა და საქართველოს ძმებად დარჩენისთვის ყველაფერს გააკეთებს. კათოლიკოს-პატრიარქმა მაშინ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია სიტყვა "შეცდომით" აღწერა.

"ჩემი ვიზიტის მიზანია დაიწყოს იმ შეცდომების გამოსწორება, რომელიც მრავლად დავუშვით. ვფიქრობ, გვეყოფა სიმამაცე და სიბრძნე იმისათვის, რომ ეს შეცდომები გამოვასწოროთ. მე მქონდა შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და შევთანხმდით იმაზე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ძმებად დავრჩეთ. ის რაც მოხდა, არც რუსეთის ბრალია და არც საქართველოსი. ეს იყო ცალკეული პიროვნებების ბრალი. რა თქმა უნდა, ქართველები არიან გიჟები სიყვარულში და კეთილი საქმის კეთებაში, მხოლოდ ქართველს შეეძლო ეთქვა "შენი ჭირიმე" და "შენ გენაცვალე". მე მადლობას გიხდით ყველა აქ მყოფებს იმისათვის, რომ თქვენც გიყვართ საქართველო და ჩვენ ამას ვგრძნობთ. საქართველოსა და რუსეთს შორის სიყვარული იქნება სამუდამო", - განაცხადა ილია მეორემ მოსკოვში, მოქანდაკე ზურაბ წერეთლის სახელოსნოში ვიზიტისას.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა პუტინმა ილია მეორეს ნამდვილი ქართველი უწოდა: "ძალიან ბევრი გვაკავშირებს საქართველოს და რუსეთს, აღარაფერს ვამბობ რელიგიურ, სულიერ მხარეზე. მე შევხვდი კათოლიკოსს, ილია მეორეს, ის ძალიან კეთილი ადამიანია, ის ნამდვილი ქართველია. წამი არ იყო, რომ საქართველოს ინტერესების, ქართველი ხალხის ინტერესების შესახებ არ ელაპარაკა. მაგრამ ის ამ ყველაფერს აკეთებს ბრძნულად, რბილად, მშვიდად", - განაცხადა პუტინმა.

კომენტარები