ეკონომიკა

ილუზიები და პერსპექტივები

ბოლო კვირებში გარკვეულმა განცხადებებმა და მოვლენებმა იმედი გააჩინა, რომ ერთხელაც იქნება, პრაგმატული აზროვნება დაბრუნდება. მაგალითად ორი მოვლენა გამოდგება: როდესაც განათლების მინისტრმა უცებ გაიხსენა, რომ შრომის კოდექსი არ არის მხოლოდ დაქირავებულსა და დამქირავებელს შორის ურთიერთობის საკითხი, არამედ პირდაპირ ეხება ინვესტორის სურვილს, ასეთი დაბალი შესაძლებლობების, მცირე და თანაც რისკიან ქვეყანაში ფული დააბანდოს; მეორე იყო რუსეთთან ნორმალიზაციის საკითხის დიდი დარტყმის ქვეშ დაყენება, ისევ და ისევ რუსეთის მხრიდან. აქ ნიშნისმოგება არავის აინტერესებს, უბრალოდ, ნუ დაგვავიწყდება – რუსეთთან ბოლო 200 წლის განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებამ გვიჩვენა – ის მხოლოდ ძალას სცემს პატივს, ძალა კი მხოლოდ მეგობრებთან ერთად გვექნება.

თუმცა შემდგომში ისევ ცივი წყალი გადავისხით და ვითომ არაფერი მომხდარა, ვაგრძელებთ ილუზიებით ცხოვრებას. მაგალითად, ისევ ვაგრძელებთ საუბარს, რომ საქართველო არ უნდა გაეჩხიროს ყელში ამერიკას და რუსეთს, ვიღებთ ცვლილებებს შრომის კოდექსში – რომელიც პირდაპირ დაარტყამს, მაგალითად, ახალგაზრდების დასაქმებას. ახლახან ისიც გავიგე, რომ საქართველოში უკიდურესი სიღარიბე 97%-დან მხოლოდ 93%-მდე შემცირდა ბოლო 9 წელიწადში, თუმცა, ამის საპირისპიროდ, ფინანსთა მინისტრი გვიმტკიცებს, რომ საარსებო მინიმუმი, რომელიც ადრე სულ ტყუილი იყო, ახლა მაინც შემცირდა 5 ლარით, წინა მთავრობის ნიშნულიდან. აღარავინ დავობს უკვე უმუშევრობის სიდიდეზე – ის ისევ 20%-ზე ქვემოთაა და 70% არაფრით გახდა.

ახლა, მოდი, ამ ილუზიებზე ვისაუბროთ. ილუზია პირველი: გასაგებია, ტელეპროპაგანდას მიჩვეული მოსახლეობა უფრო ადვილად იჯერებს, რომ წინა მთავრობის დროს ყველაფერი ინგრეოდა, თუმცა შეგვიძლია გავიხსენოთ თბილისის ახალი აეროპორტი, ბათუმის, ქუთაისის, თელავის, ბორჯომის, მესტიის ნაწილობრივი, სიღნაღის მთლიანი რეკონსტრუქცია, თბილისის ძველი უბნები, ასობით ახალი სასტუმრო, საოფისე შენობები, ავტომაგისტრალი გორამდე, მრავალი სოფლის გზა, რეაბილიტირებული წყლის, ბუნებრივი გაზის, ელექტროენერგიის გაყვანილობები, რამდენიმე ახალი ელექტროსადგური, ქსელები და მრავალი სხვა. სასურველი იქნებოდა, ეს ტენდენცია გაგრძელდეს და გაუმჯობესდეს კიდეც.

ილუზია მეორე: ხალხი გაღატაკდა. ამის საწინააღმდეგოდ ორ გრაფიკს წარმოვადგენ. პირველი ეხება შრომის საშუალო ანაზღაურების ზრდას წინა მთავრობის პირობებში (აღებულია საქსტატის ინფორმაციის მიხედვით)
გარწმუნებთ, საშუალო ხელფასის ამერიკულ დოლარებში გადაყვანა უფრო მაღალ ზრდას მოგვცემს, ვიდრე 4-ჯერ მატებაა. როგორც ამ გრაფიკზეა. შესაძლებელია, ამ ზრდის ნაწილი გამოწვეულია შრომის ანაზღაურების ლეგალიზაციით, თუმცა ეს წინა მთავრობის კიდევ უფრო მეტ დამსახურებას უსვამს ხაზს. ისიც მართალია, რომ ამ პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა შრომის ანაზღაურება საჯარო სექტორში.

ეს ეხმიანება კიდევ ერთ (მესამე) ილუზიას, რომ კერძო სექტორში დასაქმება საერთოდ არ გაზრდილა. შემდგომი გრაფიკი (2) აჩვენებს დასაქმების სექტორულ ცვლილებას საჯარო და არასაჯარო სექტორებს შორის:
როგორც კარგად ჩანს, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა 1/3-მდე შემცირების ფონზე არასახელმწიფო სექტორში დასაქმების ზრდამ 50%-ს გადააჭარბა. თუმცა ეს არის სამსახურში დასაქმებულთა სტატისტიკა და დანარჩენი მოსახლეობა ან თვითდასაქმებულია, ან (ჩავთვალოთ) უმუშევარი. თუმცა ადრე იყო დავა, რომ თვითდასაქმებულები უმუშევრად უნდა ჩაგვეთვალა, მაგრამ რადგანაც ეს დავა აღარ გაგრძელდა, მეც შევეშვები.

ერთი, რაც დასადგენია – სინამდვილეში რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში, რადგან არსებობს ეჭვი, რომ უმუშევართა ან თვითდასაქმებულთა ერთი დიდი ნაწილი დიდი ხანია საქართველოში არ იმყოფება. სამაგიეროდ, საქართველოში უკვე ათასობით უცხოელი ჩამოვიდა და დასახლდა. როგორც ისინი ამბობენ, აქ უკეთესია, ვიდრე მათ ქვეყნებში. როგორც ჩანს, უმრავლესობამ აქ მოახერხა სამუშაოს მოძებნა და ბიზნესის დაწყებაც კი, რითიც კარგ მაგალითს აძლევენ ჩვენს თანამოქალაქეებს. ამ საკითხიდან პირდაპირ მივადექით მიწების უცხოელებზე გასხვისების პრობლემას.

ილუზია მეოთხე: მიწებს უცხოელები ჩაიგდებენ ხელში. ამ ილუზიის ავტორებს არც ეკონომიკა ესმით და არც მიწის ყიდვა უცდიათ საქართველოში. თუმცა უფრო დასაჯერებელია, რომ ამ ილუზიის უკან დგას ლობი, რომელიც უბრალოდ ცდილობს მიწების დაბალი ფასების შენარჩუნებას და მის ხელში ჩაგდებას. არ მგონია, რომ გლეხებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვის ხელში აღმოჩნდება მიწა – უცხოელების თუ ამ ლობისტების. მათ რაც აინტერესებთ, ისაა, რომ უფასოდ ისარგებლონ მთავრობის მიწებით. მთავრობის ხელში მიწის არსებობა აგარარული სექტორის განუვითარებლობის ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორია. ამ პირობებში მიწის ბაზრის სწრაფი განვითარება, მით უმეტეს, თუ უცხოელებს ავუკრძალეთ მისი ყიდვა, უბრალოდ, გამორიცხულია. ხოლო მიწის ბაზრის განვითარების გარეშე, პროდუქტიულობის ზრდის, ხარისხის გაუმჯობესების და დანახარჯების შემცირების პერსპექტივა ნულოვანია.

ილუზია მეხუთე: საზღვრებს თუ დავიცავთ, ყველაფერი გაიაფდება და ხარისხი გაუმჯობესდება. ასეთი რამ მსოფლიოში არ მომხდარა და თეორიული შანსიც კი არ არსებობს. სინამდვილეში, აი, ასე ხდება – დავუშვათ:

ადგილობრივ მწარმოებელს

– ჰქონდა უფრო ძვირი საქონელი, ვიდრე იმპორტიორს, ადგილობრივი ფასი – 10 ლარი, უცხოური – 8 ლარი.
– ცდილობდა მართვის მოწესრიგებას.
– ცდილობდა ხარჯების შემცირებას.
– ცდილობდა მომხმარებლის სიამოვნებას.

შემდგომში მთავრობამ გაზარდა იმპორტის გადასახადი 5 ლარით

– ადგილობრივს გაუჩნდა უპირატესობა.
– აღარ აინტერესებს მართვის მოწესრიგება.
– აღარ აინტერესებს ხარჯების შემცირება.
– აღარ ზრუნავს მომხმარებელზე.
– მისი ფასი გაუტოლდა და გაასწრო იმპორტირებულს!

ასეა ცხოვრებაში და არა ილუზიებში. აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ უნდა აიხსნას ერთდროულად მონოპოლიებთან ბრძოლა (რადგან ისინი ფასებს ზრდიან) და მონოპოლიურ მდგომარეობაში ადგილობრივი მეწარმეების სრულიად ხელოვნურად ჩაყენება, მით უმეტეს, რომ ის განსხვავება – ახლადდაწესებული იმპორტის გადასახადი, მთლიანად ქართველმა მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს.

ილუზია მეექვსე: მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლა ფასებს შეამცირებს. ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ასეთი იდეების ავტორებს მარქსისა და ლენინის გარდა სხვა რაიმე სმენიათ. სამწუხაროდ, მონოპოლიების შექმნის წყარო უფრო ხშირად მთავრობაა. მაგალითად, წყლის, გაზის ან ელექტროენერგიის მიწოდების სფეროში მონოპოლიები შეიქმნა, როგორც კი მთავრობამ გადაწყვიტა, განსაზღვრული წესები დაედგინა გაყვანილობებზე. სხვა შემთხვევაში, კერძო პირები ან მორიგდებოდნენ ან ყველა საკუთარ გაყვანილობას გააკეთებდა. ასეთი მოქმედება ისედაც შეზღუდულია მოსახლეობის გადახდის უნარით და ფირმების შესაძლებლობით, ასევე ალტერნატივებით.

მაგალითად, რა მოხდება, თუ ელექტროენერგიის ფასი 50 თეთრს მიაღწევს? მოხმარება შემცირდება, მოპარვა გაიზრდება, ზოგი საკუთარ გენერატორს იყიდის... მერე მიმწოდებელი ფასს შეამცირებს. თუმცა თავიდანვეც ბევრს იფიქრებს, რამდენად ღირს ამ საქმეში ინვესტირება. მონოპოლიებთან მთავრობის უფრო მეტად ჩარევა, ვიდრე დღესაა, გზას გაუხსნის ინტერესჯგუფებს, წამოიწყონ სერიოზული ლობირება და მივიდეთ იქამდე, სადაც დასავლეთ ევროპაა, სადაც ხშირად ერთი ხელის თითებია საკმარისი, მაგალითად, ფარმაცევტულ და ბენზინის ვაჭრობაში მონაწილეთა რაოდენობის დასათვლელად. სანამ ამ ყოვლად გაუაზრებელ ნაბიჯს გადავდგამთ, ალბათ კარგად უნდა გავიაზროთ, რატომ მუშაობენ საქართველოში აფთიაქები დღეში 24 საათს, ხოლო ბენზინით ვაჭრობაში რამდენიმე ათეული ფირმაა ჩართული.

ბევრი გაგულისებული მოსაზრება მოვისმინეთ იმის შესახებ, რომ ბენზინის ბიზნესი მონოპოლიზებული იყო, რის ერთადერთ სიმპტომად ფასების ერთგვარობა მოჰყავდათ, რაც ახლა ყველაზე მკაფიოდაა წარმოდგენილი.

კიდევ ერთი, მეშვიდე ილუზია, ასეთია: საქართველოში არაფერი იზრდებოდა და ყველაფერი მთავრობამ გამოიგონა. ამის საწინააღმდეგოდ ოფიციალური სტატისტიკის მოყვანა ალბათ არ ღირს, მაგრამ შესაძლებელია უფრო მყარი ინფორმაციის გამოყენება (რომელიც არაა დამოკიდებული გამოკითხვებზე). მაგალითად, შემდგომი ცხრილი გვიჩვენებს საქართველოს ბანკების შემოსავლების დინამიკას 2003-2012 წლებში (აღებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდიდან):

მკითხველი ალბათ მიხვდება, რომ ბანკების შემოსავლების 8-ჯერ ზრდა შეუძლებელია ეკონომიური სტაგნაციის პირობებში, მით უმეტეს, როდესაც მთავრობის შემოსავლებიც (სამწუხაროდ) ასე იზრდება, როგორც შემდგომ გრაფიკშია (3) (ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია):

აბსოლუტურად მართალია ის, ვინც იტყვის, რომ ეკონომიკის ამ ზრდამ არ გამოიწვია ყველა ოჯახის საცხოვრებელი პირობების მკვეთრი გაუმჯობესება. საქართველო პოსტკომუნისტურ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად დაზარალდა; მისი ეკონომიკა 1990-იან წლებში 4-ჯერ შემცირდა და ჯერ კიდევ ვერ გაუტოლდა საუკეთესო მაჩვენებლებს.

შემდგომი გრაფიკი (4) ნათლად აჩვენებს საქართველოში ეკონომიკური ჩავარდნის დონეს პროცენტებში, ალბანეთთან და ლიტვასთან შედარებით 1990-იან წლებში (მსოფლიო ბანკის სტატისტიკა):

შესაბამისად, ყველაზე მთავარ ამოცანად რჩება ეკონომიკის სწრაფი – ორნიშნა ზრდის მიღწევა და ამ ზრდის მდგრადობა, რათა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამ ყველა ოჯახში შეაღწიოს. ამისთვის საჭიროა საინვესტიციო გარემოს და ეკონომიკური თავისუფლებების კიდევ უფრო გაუმჯობესება. საწინააღმდეგო მოქმედება კი ეკონომიკურ ზრდას შეამცირებს და შეუძლებელი გახდება ყველას სასურველი დოზით დაკმაყოფილება – სოციალური პროგრამების დაფინანსებაც მხოლოდ ეკონომიკური ზრდის შედეგად შეიძლება გახდეს რეალური.

სამწუხაროდ, ეკონომიკური ზრდა წმინდად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შეეწირა და 2008 წლის შემდეგ სოციალური ხარჯების ზრდამ ბევრად გაასწრო ეკონომიკის ზრდას, რასაც მოჰყვა ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება. იხილეთ გრაფიკი (5), რომელიც შედგენილია მსოფლიო ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

სამწუხაროა, რომ თავდაპირველი პრაგმატული პოლიტიკა, რომელმაც მოიტანა ინვესტიციების ზრდა და, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის ორმაგ ნიშნულზე გასვლა 2007 წელს, შემდგომში ახალი პრაგმატიზმით ჩანაცვლდა, რომლის მიხედვით, მთავრობამ უფრო დიდი როლის შესრულება სცადა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რამაც ზრდა შეამცირა.

ილუზია მერვე: მთავრობამ ბევრი ვალი აიღო. პირველი, თუ საერთაშორისო მდგომარეობას შევხედავთ, სახელმწიფო ვალი საქართველოში 30%-ის მიდამოებშია, რაც საშუალოზე ბევრად დაბალი მაჩვენებელია. საერთოდ, არსებობენ მხოლოდ ნავთობის მწარმოებელი და ეკონომიკურად თავისუფალი ისეთი ქვეყნები, როგორიცაა სინგაპური და ჰონგკონგი, რომელთაც აქვთ საქართველოზე ნაკლები ვალი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მეტი უნდა გვქონდეს და ახლა საჩქაროა ახალი ვალების აღება. ცხადია, ჯობდა გაცილებით ნაკლები ვალი გვქონოდა და ეს გვაიძულებდა, ეკონომიკური პოლიტიკის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე წავსულიყავით.

მეორეც, საქართველოს სახელმწიფო ვალი 2003 წლის შემდეგ მუდმივად მცირდებოდა, თუ არ ჩავთვლით 2009 წელს და ომით გამოწვეულ ახალ სესხებს. რაც მთავარია, მიღწეულ იქნა მდგომარეობა, როდესაც საერთაშორისო ვალების დასაფარად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიური გადასახდელები 9%-დან 2%-მდე დაეცა. ფინანსთა სამინისტროს გრაფიკი (6) ამას კარგად უკეთებს ილუსტრაციას.

წლები2003200420052006200720082009201020112012ბანკების შემოსავლები251,400276,338395,970575,327949,3351,555,2321,377,2831,553,0532,037,7382,143,095

მეტიც, 2011 წელს საქართველომ მიიღო უპრეცედენტო ეკონომიკური თავისუფლების აქტი, რომელმაც სახელმწიფო ხარჯების, ბიუჯეტის დეფიციტისა და ვალის შეზღუდვა დააწესა, თან ყოველგვარი საერთაშორისო თუ ქვეყნის შიდაპოლიტიკური ზეწოლის გარეშე, საკუთარი ინიციატივით. რაც ნებისმიერ შემთხვევაში მისასალმებელი ფაქტია. ბევრი ქვეყნის ექსპერტები გაოცებულნი არიან ასეთი თამამი ნაბიჯით, რომელიც განვითარებადი ქვეყნის მთავრობამ გადადგა. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა მისი უფრო მეტად გამყარება, თუნდაც უფრო მკვეთრი შეზღუდვების დაწესებით, ფისკალური დისციპლინის კიდევ უფრო გაძლიერებით.

ასეთია ილუზიები და რეალობა. ახლა ყველამ უნდა ვიფიქროთ მომავალზე. საჭიროა მეტი პასუხისმგებლობით მოკიდება ეკონომიკურ ფისკალურ პოლიტიკასთან. როგორც ზემოთ ნათლად გამოჩნდა, სოციალური ხარჯების ზრდამ ეკონომიკა შეაფერხა. ეს პოლიტიკა ეკონომიკური თვალსაზრისით არასწორია, თუმცა მოკლევადიან მცირე პოლიტიკურ დივიდენდებს სავარაუდოდ იძლევა, მაგრამ სრულიად ამცირებს ეკონომიკური ზრდით პრობლემების, მათ შორის სიღარიბის, გადაჭრას. მაგალითად გამოდგება სოციალური ხარჯების ეკონომიკისათან შედარებით წინმსწრები ზრდა, რომელმაც კერძო სექტორს ასეულობითმილიონიანი რესურსი დააკარგვინა განვითარებისათვის.

ალტერნატივა, როგორც ზემოთ აღინიშნა, არის სწრაფი, ორნიშნა, სტაბილური ზრდა. მას შეუძლია მოიტანოს წარმოების გაფართოება, მეტი რესურსების ალოკაცია უფრო ეფექტიან ხელში, ახალი ბიზნესების წამოწყება, მეტი ადამიანის დასაქმება, შრომის ანაზღაურების ზრდა და შედეგად, უკეთესი განათლების, ჯანდაცვის, საკვების და სხვა აუცილებელი სიკეთეების შეძენა სახელმწიფოს (ანუ გადასახადების გადამხდელთა) დახმარების გარეშე. თვით სოციალური დახმარებაც კი უფრო ადვილი და მიზანმიმართულია, თუ ამას უბრალო ადამიანები ვაკეთებთ ნებაყოფლობით და არა ბიუროკრატები.

ეს ყველაფერი ადვილი იქნება, რადგან ვნახეთ, რომ კარგად მუშაობს, თუ ამის საშუალებას დაგვიტოვებენ არსებული დაბალი გადასახადების კიდევ უფრო შემცირების შემთხვევაში. ასეთი პოლიტიკა მოგვცემს საშუალებას, რომ უახლოეს 10 წელიწადში მივაღწიოთ ეკონომიკური მდგომარეობის საგრძნობ გაუმჯობესებას, ხოლო რამდენიმე დეკადაში ბევრად უკეთესად ვიცხოვროთ, ვიდრე დღეს ცხოვრობენ განვითარებულ ქვეყნებში. სხვა ნებისმიერი გადაწყვეტილება არის სიღარიბეში დიდხანს დარჩენის პერსპექტივა.

კომენტარები