ევროკავშირთან თანამშრომლობა

ეკონომიკის მინისტრი: ვილნიუსამდე ევროკავშირთან ყველაფერზე შევთანხმდებით

www.government.gov.ge

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობებში წინ წაიწია. მისი თქმით ევროკავშირთა ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის კუთხით მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური დეტალი დარჩა შესათანხმებელი.

"ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი შედგა. წავიწიეთ წინ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების კუთხით. პრაქტიკულად, ექვსი რაუნდი ჩატარდა, სადაც ყველა დეტალი თითქმის შეთანხმებულია, რამოდენიმე ტექნიკური დეტალია დარჩენილი. ვფიქრობთ, ვილნიუსის სამიტამდე მოხერხდება ყველაფერზე შეთანხმება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ასოცირების ხელშეკრულება აუცილებლად იქნება პარაფირებული, რომლის შემადგენელი ნაწილიცაა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება" - განაცხადა მინისტრმა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ასოცირების ხელშეკრულები და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობა ორი სხვადასხვა დოკუმენტია. ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირის საგარეო პარტნიორობის ინსტრუმენტია, რომლის დადებაც ხდება სტაბილიზაციის და ასოცირების პროცესისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან. იმ ქვეყნების სიაში, რომელთანაც ევროკავშრის ასოცირების ხელშეკრულება აქვს დადებული არიან:  სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები (სერბეთის გარდა), ჩილე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ისრაელი  და ა.შ.  თუმცა  ბევრ მათგანთან ევროკავშირს ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულება არ აქვს დადებული. 

საქართველოს, მოლდოვის, სომხეთის და უკრაინის შემთხვევაში, ასოცირების ხელშეკრულება ჩაანაცვლებს პარტნიორობის და თანამშრომლობის შეთანხმებას (PCA), რომელიც ამ ქვეყნებთან 1990-იან წლებში დაიდო და ევროკავშირის სამეზობლოში თანამშრომლობის გაღვივებას ისახავდა მიზნად. აღსანიშნავია, რომ ეს შეთანხმება არ გულისხმობდა რაიმე შეღავათებს პარტნიორი ქვეყნებისთვის. ასოცირების ხელშეკრულება ოთხი ნაწილისგან შედგება, რომელთაგანაც თითოეული თანამშრომლობის მთავარი ელემენტია. პირველია პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში. მეორე – კანონმდებლობის ევროპასთან დაახლოება. მესამე შეეხება ინვესტიციების და სავაჭრო შესაძლებლობების შექმნას და სექტორულ თანამშრომლობას. ხოლო მეოთხე ნაწილი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა. ამასთანავე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი, რაც EaP-ის ქვეყნებისთვის სავიზო შეზღუდვების მოხსნას გულისხმობს.

რაც შეეხება ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებას, ის გულისხმობს, რომ ქვეყნებს შორის პროდუქცია საბაჟო გადასახადის გარეშე იმოძრავებს ევროკავშირსა და ხელშეკრულების მხარე ქვეყანას შორის. ხელშეკრულება ითვალისწინებს ეკონომიკური კუთხით კანონმდებლობის ევროკავშირთან დაახლოებას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვას ქვეყანაში, სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმების გაუმჯობესებას და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის ხელშეწყობას ადგილობრივი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ამ შეთანხმებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ევროკავშირი წევრობას არ ჰპირდება და არც რაიმე ინსტიტუტებში აერთიანებს მას. თუმცა იგი ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე წინგადადგმული ნაბიჯია. 900-გვერდიანი დოკუმენტი დეტალურად აღწერს, როგორი უნდა იყოს თანამშრომლობის ჩარჩო. DCFTA-ს დადებას ბევრი პირობა სდევს თან, მათ შორის – სხვადასხვა სახის რეგულაციების შემოღება, კერძო საკუთრების დაცვა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ სვლის უწყვეტობა.

"ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული ყველა ინვესტორისთვის, რომ საქართველო განიხილოს არა როგორც ოთხმილიონიანი ქვეყანა, ანუ ბაზარი, სადაც ოთხი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, არამედ მთელი ევროკავშირის სივრცე ხდება მიღწევადი იმ ინვესტიციებისთვის, რომელიც განხორციელდება საქართველოში. იმიტომ, რომ ყველა საქონელი და მომსახურება, რომელიც იწარმოება საქართველოში, შესაძლებელი იქნება, რომ მოხდეს ამის ექსპორტი ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული ინვესტიციებისთვის და საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის" - აღნიშნა კვირიკაშვილმა DCFTA-სთან დაკავშირებით. 

კომენტარები