ევროკავშირთან თანამშრომლობა

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნა

საქართველოსა და ევროკავშირის მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად დღეს  ოფიციალურად გაიხსნა.  ამასთან დაკავშირებთ დღეს ბრიუსელში  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური  ვაჭრობის საკითხებში  ევროკომისარ    კარელ დე გუხტსა და  ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის  თამარ კოვზირიძის განცხადებით,   მოლაპარაკების ტექნიკური ნაწილი მომავალი წლის იანვრიდან დაიწყება. ”შედეგად ჩვენ გვექნება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც ნიშნავს საქართველოს ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირსა და მის ერთიან ბაზართან და ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდას”, - განაცხადა თამარ კოვზირიძემ. მისივე თქმით, როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის მოლოდინია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკება წარიმართება ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ეს მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში მოხდა.

სექტემბერში  , აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე გახდა ცნობილი , რომ საქართველოსთან და მოლდოვასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად ევროკავშირი მოლაპარაკებებს წლის ბოლომდე დაიწყებდა. 16 ნოემბერს საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითებში კეტრინ ეშტონმა დაადასტურა, რომ ბრიუსელმა მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს მოუწევს მთელ რიგი პირობების შესრულება, მათ შორის რეგულაციების შემოღებასთან, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

 

კომენტარები