ეკონომიკური ზრდა

ხადური: თურქეთის ეკონომიკის შემცირებამ შეიძლება იმოქმედოს საქართველოზე

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

საქართველოში ეკონომიკური ზრდის შემცირების მიზეზი, შესაძლოა, თურქეთში მიმდინარე მოვლენები იყოს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

"მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკური პროგნოზები იცვლება ხან ზემოთ, ხან ქვემოთ. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეკონომიკურ ზრდაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. წლის დასაწყისში ვერ წარმოვიდგენდით, თუ სტამბოლში მოხდებოდა ასეთი ტიპის ღონისძიებები, რამაც შეაფერხა თურქეთის ეკონომიკური განვითარება და, შესაბამისად, ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს ჩვენს ეკონომიკაზე, საქართველოზე", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისი თქმით, "ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმედგაცრუება არის ინვესტორებში. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ყოველდღიურად მაქვს შეხვედრები პოტენციურ თუ რეალურ ინვესტორებთან. აქტიურად ვხვდები ბიზნესს. ამ სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი აქტივობა გაზრდილია".

ფინანსთა მინისტრის ანალიზის საპირისპირო შეფასებებია მოყვანილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში. ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, EBRD-ის, Fitch Ratings-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შემდეგ, 4%-მდე ამცირებს და ამის მთავარ მიზეზად სწორედ ინვესტორებში არსებულ გაურკვევლობას ასახელებს.

ანგარიშში IMF-ი ბიზნესის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს: ხშირ შემთხვევაში მთავრობის მიერ ძირეული რეფორმების დაანონსება ისე ხდება, რომ დაზუსტებული არ არის არც რეფორმის შინაარსი და არც მათი იმპლემენტაციის კონკრეტული ვადები. ასეთ რეფორმებად IMF-ი ასახელებს ჯანდაცვის, შრომის კოდექსის რეფორმებს, ასევე, საპარტნიორო ფონდის და სხვა ფონდების დაფუძნების ბუნდოვან გადაწყვეტილებებს.

ანგარიშში ისიც წერია, რომ ეკონომიკური ზრდა მეზობელ ქვეყნებშიც შენელებულია, თუმცა ამ ფაქტს საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ინვესტორებში გაურკვევლობის განცდა უფრო ადრე, ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაჩნდა, ხოლო არჩევნების შემდეგ, კიდევ უფრო განმტკიცდა. ამას ფონდი რამდენიმე მიზეზით ხსნის. მათ შორისაა, სახელმწიფო ხარჯების, განსაკუთრებით, სოციალური ხარჯების არამიზანმიმართულად ხარჯვა, მოსალოდნელზე უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები და პოლიტიკური დაძაბულობა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა პოლიტიკური დაძაბულობა მოიხსნება და მთავრობა ეკონომიკის პოლიტიკაზე ჩამოყალიბდება, ანუ ზუსტად ეცოდინება, რა გზით მიდის.

კომენტარები