საპრეზიდენტო არჩევნები

პრეზიდენტი: აკვიატებული თარიღი და იდეაფიქსი არ გვაქვს

მიხეილ სააკაშვილი
www.facebook.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით თავის საგანგებო ვიდეომიმართვაში განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, პრემიერმინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე „საქართველოს კანონების  სრული უცოდინარობა გამოავლინა“, როდესაც განაცხადა რომ,  31 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა  პრეზიდენტის ძალაუფლების 3 დღით გახანგრძლივებას ემსახურება.

„კანონში ზუსტად წერია, როდის მთავრდება პრეზიდენტობა - ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს. ეს თარიღი არის ზუსტად განსაზღვრული და ჩემ მიერ ვერ შეიცვლება, არჩევნები 27 თუ 31 რიცხვში დაინიშნება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ბოლო საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდა სამუშაო დღეს და „მაშინ ამ არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ კოალიციას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს“. სააკაშვილის განცხადებით, ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა  რეკორდული დასწრება იყო, მათ შორის, უცხოეთში მყოფ თანამემამულეთა შორის.  

ამის მიუხედავად, პრეზიდენტის თქმით, იგი მზადაა გაითვალისწინოს არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები, ძირითადად უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან დაკავშირებით და თავისი ადმინისტრაციის უფროსს ანდრო ბარნოვს დაავალა, კიდევ ერთხელ შეხვდეს არასამთავრობო ორგანიზიციების წარმომადგენლებს და ყველა მათი არგუმენტი მოისმინოს. მისი თქმით, „აკვიატებული არცერთი თარიღი და იდეაფიქსი რომელიმე თარიღზე არ გვაქვს“.  

„მაგრამ, ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველების უმრავლესობა მხარს უჭერს ნაციონალურ მოძრაობას. იმიტომ, რომ გარედან ძალიან კარგად ჩანს, სად მიდის ქვეყანა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები