რელიგიური შეუწყნარებლობა

ომბუდსმენი სამთაწყაროში მომხდარი ინციდენტების გამოძიებას ითხოვს

სახალხო დამცველი
facebook.com

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და სოფელ სამთაწყაროში მომხდარი ინციდენტების გამოძიებას მოითხოვს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ომბუდსმენმა წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაიწყოს გამოძიება სოფელ სამთაწყაროში 2013 წლის 24 მაისს, 31 მაისს, 7 ივნისსა და 28 ივნისს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით და გაატაროს სათანადო ღონისძიებები სოფელ სამთაწყაროს მუსლიმი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მიმდინარე წლის მაისი-ივნისის განმავლობაში ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობას არ მიეცა ლოცვის საშუალება. სახალხო დამცველის წარმომადგენლები ამ პერიოდის განმავლობაში ადგილზე აკვირდებოდნენ და სწავლობდნენ ვითარებას.რელიგიის თავისუფლების ეფექტური რეალიზაცია არ შემოიფარგლება სახელმწიფოს მხრიდან ამ უფლებით სარგებლობაში ჩაურევლობის ვალდებულებით. სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს რელიგიის თავისუფლებით ეფექტური სარგებლობა. აღნიშნული ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირებისთვის, რომლებიც რელიგიურ უმცირესობებს წარმოადგენენ. პოზიტიური ვალდებულება მოითხოვს სახელმწიფო ორგანოების მიერ ყველა აუცილებელი ზომის გატარებას, რათა უფლების დარღვევა ან ასეთი დარღვევის საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული და უმოქმედობითა და სამართლებრივად არაადექვატური რეაგირებით არ მოხდეს შეუწყნარებლობისა და ძალადობის წახალისება", - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებით, სამთაწყაროში მიმდინარე პროცესები შესაძლოა გახდეს რელიგიურ ნიადაგზე საქართველოს მოქალაქეთა შორის შუღლის საფუძველი. სწორედ ამიტომ, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ყველა სათანადო ორგანოს მიერ გატარდეს სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. ომბუდსმენი აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტებიდან ცალსახად იკვეთება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული, ადამიანის ფუნდამენტური უფლების, რელიგიის თავისუფლების უხეში დარღვევა.

"საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 2013 წლის 24 მაისს, 31 მაისს, 7 ივნისსა და 28 ივნისს მომხდარი ფაქტები შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რომლებიც განხორციელებულია რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლი (ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა); 151-ე მუხლი (მუქარა), 155-ე მუხლი (რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა) და 156-ე მუხლი (დევნა).

ამასთან, იმ პირების მხრიდან, რომლებმაც, 2013 წლის 7 ივნისს სულიკო ხოზრევანიძეს თავი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებად გააცნეს, შესაძლოა იკვეთებოდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და 151-ე (მუქარა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. ვინაიდან, საქართველოს სახალხო დამცველს არ ჰყავს თელავის რეგიონში რწმუნებული, ამასთან ვინმე გია ლეჟავა არ არის დასაქმებული საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, გამოძიებამ უნდა დაადგინოს აღნიშნული პიროვნების ვინაობა და უნდა დადგეს მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე დროს, სახალხო დამცველმა მიმართა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს, შეისწავლოს სოფელ სამთაწყაროს რწმუნებულის, გულო ნადირაშვილის ქმედებები, რომლის მხრიდანაც, ომბუდსმენის თქმით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დისციპლინურ გადაცდომას.

 

კომენტარები