ირანი

ჰასან როუჰანი – ირანელი გორბაჩოვი?

ირანის პრეზიდენტის პოსტზე ჰასან როუჰანის მოსვლის შემდეგ, მკვლევართა ნაწილი რეფორმების შესაძლებლობასა და ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანის შანსზე ალაპარაკდა. ზოგიერთი მას ირანელ გორბაჩოვადაც მოიხსენიებს. მეორე ნაწილი კი ირანის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს სკეპტიკურად შეხვდა.

სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ როუჰანის მომავალი ოთხი წელი თანამდებობაზე, ირანის პირველი რეფორმისტი პრეზიდენტის, მოჰამედ ხატამის მსგავსად წარიმართება. ხატამი, რომელიც ქვეყანას 1997-2005 წლებში მართავდა, ხელისუფლებაში ცვლილებების დაპირებით მოვიდა, თუმცა უმაღლესი ლიდერის გავლენის შემცირება ვერ შეძლო და რეფორმისტის იმიჯზეც მალევე თქვა უარი.

წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, როუჰანი რეფორმის საჭიროებაზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბრობდა. სატელევიზიო დებატში მან ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზეც ისაუბრა, რომელიც 1979 წლის „მძევალთა კრიზისის" დროიდან მოყოლებული შეწყვეტილია. თუმცა არჩევისთანავე, როუჰანმა თავისი წინამორბედის მსგავსად მკაცრი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თეირანი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეცდება აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, თუ ეს უკანასკნელი ირანის ბირთვულ პროგრამას ხელს არ შეუშლის.

ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტი ჰასან როუჰანი
ფოტო: Reuters
ირანს საერთაშორისო ურთიერთობის გაუმჯობესება სასიცოცხლოდ სჭირდება. აჰმადინეჟადის ავტორიტარული ხელისუფლებისა და საერთაშორისო სანქციების ფონზე, ირანელთა ცხოვრება უარესობისკენ შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ბარაკ ობამამ როუჰანის გამარჯვება შეაფასა ირანელი ხალხის სურვილად, ქვეყანა „სხვა მიმართულებით წავიდეს", შესაძლებლობა იმისა, რომ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა კურსი შეცვალოს, ძალზედ მცირეა. ამაზე როუჰანის მიერ უკანასკნელ დღეებში გაკეთებული განცხადებებიც მეტყველებს.

რეფორმებს ირანში მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ველოდოთ, თუ უმაღლესი ლიდერი – ხამენეი მიხვდება, რომ სახალხო მღელვარების თავიდან ასაცილებლად, ირანის დაკნინებული ეკონომიკის გამოცოცხლება სჭირდება. ჰიპერინფლაცია (ოფიციალურად 30%), სამუშაო ადგილების სიმცირე და ფასების 60%-იანი ზრდა ირანელი მოსახლეობის მთავარი პრობლემაა. საერთაშორისო სანქციებმა ნავთობექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 65%-ით შეამცირა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთის მიმართ უმაღლესი ლიდერის პოზიცია უცვლელი რჩება და მისი გავლენა წარმოუდგენლად დიდია, გარდატეხა საგარეო კურსის კუთხით ნაკლებსავარაუდოა.

ირანის წამყვანი ინსტიტუტების, როგორიცაა გუშაგთა საბჭო, მიზანშეწონილობის საბჭო, არმია, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, ბასიჯი (პარამილიტარული შენაერთი), დაზვერვა, სახელმწიფო ტელევიზია და სასამართლო, ხელმძღვანელებს უმაღლესი ლიდერი ნიშნავს. თავის მხრივ, გუშაგთა საბჭო პრეზიდენტის, მეჯლისის (პარლამენტის) და ექსპერტთა კრების წევრობის კანდიდატებს ფილტრავს და რეჟიმისათვის არასასურველ კანდიდატებს კენჭისყრის უფლებას არ აძლევს. გარდა ამისა, გუშაგთა საბჭოს შეუძლია, პარლამენტის მიერ მიღებული კანონების გაუქმება. მეჯლისსა და გუშაგთა საბჭოს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად არსებობს მიზანშეწონილობის საბჭო.

როგორც ჟურნალი Foreign Policy წერს, ირანის არჩევნები ერთი ადამიანის მიერ დასაზღვრული საარჩევნო პრინციპით ჩატარდა და ეს ადამიანი უმაღლესი ლიდერი ალი ხამენეია. გუშაგთა საბჭომ, 2013 წლის არჩევნებისთვის, 868 კანდიდატიდან 678-ის დისკვალიფიცირება მოახდინა. სწორედ ხამენეი განსაზღვრავდა ვინ მოხვდებოდა საარჩევნო ბიულეტენზე. როგორც World Affairs Journal-ი წერს, ირანის არჩევნები შეიძლება შევადაროთ ჰენრი ფორდის განცხადებას, რომ ფორდის T-მოდელის ავტომანქანები მფლობელებს იმ ფერად შეუძლიათ შეღებონ, რა ფერადაც სურთ, იმ პირობით, თუ ეს ფერი შავი იქნება.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს ყოფილ პრეზიდენტს აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის (რომელიც, სხვათა შორის, 1989 წლიდან მიზანშეწონილობის საბჭოს უცვლელი თავმჯდომარეა) და აჰმადინეჟადის ყოფილ ვიცეპრეზიდენტს, ესფანდიარ რაჰიმ მაშაეის. პრეზიდენტობის განმავლობაში აჰმადინეჟადი ცდილობდა, შეემცირებინა რაჰბარის ანუ უმაღლესი ლიდერის გავლენა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ამაზე პასუხად, ხამენეიმ რამდენჯერმე დაბლოკა აჰმადინეჟადის კანდიდატურები სხვადასხვა პოზიციებზე.

აჰმადინეჟადი ირანის ისტორიაში (პირველი ორი პრეზიდენტის გამოკლებით, რომლებმაც პოსტზე მხოლოდ ორი წელი დაჰყვეს) პირველი საერო პრეზიდენტი იყო. საკუთარი მმართველობის პერიოდში ის აქტიურად ცდილობდა სასულიერო პირების ძალაუფლების შეზღუდვას და რელიგიურ ინსტიტუტებს სახელმწიფო დაფინანსებაც კი შეუმცირა. ასევე აღსანიშნავია, რომ ის არ ესწრებოდა მიზანშეწონილობის საბჭოს შეხვედრებს, რომლის მიზანიც სასულიერო პირთა პოლიტიკური ინტერესების დაცვაა და რომლის თავმჯდომარე ჰაშემი რაფსანჯანისთან აჰმადინეჟადს ძველი მტრობა აკავშირებს. 2011 წელს, აჰმადინეჟადმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ქვეყნის მართვა არ უნდა ევალებოდეს მხოლოდ ერთ [უმაღლეს] ლიდერს, ან რელიგიურ სწავლულებს და სხვებს [სასულიერო პირებს]".

მაჰმუდ აჰმადინეჟადი
ფოტო: Reuters
მაშაეის თქმით: „ქვეყნის მართვა დოღივითაა, სასულიერო პირები კი კარგი მხედრები არ არიან". აჰმადინეჟადის იდეოლოგია სპარსულ ნაციონალიზმს უფრო წარმოადგენდა, ვიდრე ისლამურ ფუნდამენტალიზმს. პრეზიდენტი ცდილობდა, ყურადღება ირანის პრეისლამურ წარსულზე გაემახვილებინა. ის ღიად საუბრობდა კიროს მეორეზე და აქამენიდთა ირანის სიდიადეზე. სპარსული ნაციონალიზმი ირანელ ხალხში პოპულარულია, რაც თეირანის კლერიკალური ნაწილისათვის საგანგაშოა.

უმაღლესი ლიდერის ძალაუფლება დღევანდელ ირანში შეუზღუდავი და დაუბალანსებელია. ცოტა ხნის წინ აიათოლა ალი ხამენეიმ ფატვა გამოსცა, სადაც ის უმაღლესი ლიდერის ძალაუფლების უპირველესობაზე საუბრობდა.

კლერიკალური გავლენა პარლამენტზეც ვრცელდება. ირანის პირველი ორი მოწვევის პარლამენტში – მეჯლისში, სასულიერო პირები წარმომადგენელთა ნახევარს შეადგენდნენ. დღეისათვის ეს რაოდენობა შემცირებულია.

ირანის კონსტიტუციის პირველი და მეორე მუხლით, სუვერენიტეტის მატარებელი ღმერთია და არა ხალხი. მეორე მუხლით, ირანის მთავრობას ისლამური რევოლუციის გაგრძელება ევალება. თუკი როუჰანი ხამენეის წინააღმდეგ წავა და კლერიკალური ხელისუფლების შეზღუდვას დააპირებს, შესაძლოა, თავისი წინამორბედების ბედი გაიზიაროს. მსგავსად პრეზიდენტ ბანისადრისა, რომელიც რაჰბარმა გადააყენა.

მკვლევართა ნაწილის ოპტიმიზმის მიუხედავად, როუჰანის პრეზიდენტად არჩევა ალი ხამენეის ძალაუფლებისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. წლების განმავლობაში სწორედ როუჰანი იყო უშიშროების საბჭოში უმაღლესი ლიდერის პირადი წარმომადგენელი, ხოლო 1989-2005 წლებში – ამ საბჭოს მდივანი. ამიტომ, ძნელი წარმოსადგენი იქნება ახალი პრეზიდენტის მიერ მისი ნების საწინააღმდეგო ნაბიჯის გადადგმა.

თეოკრატიულმა წყობამ ირანში თითქმის იმდენივე ხანი გაძლო, რაც კომუნიზმმა აღმოსავლეთ ევროპაში სწორედ იმის გამო, რომ რეჟიმი ურთიერთგამაწონასწორებელი ინსტიტუტების მოქნილ სისტემას ეფუძნება. სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია დაშვებულია, მანამ სანამ ეს თეოკრატიულ წყობას და უმაღლესი ლიდერის ძალაუფლებას საფრთხეს არ უქმნის. ხალხს აქვს შესაძლებლობა, არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოიყვანოს ან გაუშვას მისთვის სასურველი პოლიტიკოსები, ოღონდ ეს არჩევანი რეჟიმის მიერ მოწონებული კანდიდატებით შემოიფარგლება.

არჩეული ხელისუფლების კომპეტენცია მოქალაქეთა ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაზე ვრცელდება, მათ პატრონაჟისა და ნეპოტიზმის მეშვეობით მომხრეების წახალისებისა და დაჯილდოების ფართო შესაძლებლობებიც აქვთ. მართალია, უზენაესი ძალაუფლება კლერიკალური ისტებლიშმენტის ხელშია, მაგრამ ყოფითი პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში, ხალხი პასუხს არა მათ, არამედ არჩეულ პოლიტიკოსებს მოკითხავს.

კლერიკალური ისტებლიშმენტი მოქმედებს, როგორც სახელმწიფო სახელმწიფოში. ღრმა სახელმწიფოს სახელით ცნობილი ანალოგიური სისტემა ბოლო დრომდე ფუნქციონირებდა თურქეთში, პაკისტანსა და ეგვიპტეში, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იქ ძალაუფლებას არა სასულიერო პირები, არამედ სამხედროები ფლობდნენ.

ხმის დათვლის პროცესი თეირანში
ფოტო: Reuters
მიუხედავად იმისა, რომ ირანის პოლიტიკური სპექტრი კონსერვატორთა, პრაგმატისტთა, ზომიერთა და რეფორმატორთა ბანაკებს მოიცავს, ქვეყნის შიდაპოლიტიკური ბანაკები ერთმანეთისგან მკვეთრად არ განსხვავდება. განსხვავება ისაა, რომ პრინციპალისტები ისლამური თეოკრატიის უცვლელი სახით შენარჩუნებას ესწრაფვიან, მაშინ როცა პრაგმატისტები თეოკრატიის შესანარჩუნებლად ზომიერი რეფორმების გატარების აუცილებლობას ხედავენ. რაც შეეხება ზომიერებსა და რეფორმატორებს, ზომიერები რეჟიმის შიგნით ფრთხილი მოქმედების მომხრეები არიან, მაშინ როცა რეფორმატორები მხარდაჭერას რეჟიმის გარეთაც ეძებენ, თუმცა რევოლუციურ ტაქტიკას გამორიცხავენ.

ირანის პოლიტიკურ სპექტრს შორის საგარეო პოლიტიკაზე განსხვავებული შეხედულებები არსებობს. წინა პრეზიდენტთაგან, ხატამი რეგიონში „ნულოვანი პრობლემების პოლიტიკას" აწარმოებდა. აჰმადინეჟადს რეგიონთან მიმართებით „ქორული" პოზიცია ეკავა. ძნელი სათქმელია თუ როგორი იქნება როუჰანის პოლიტიკა, იმის გათვალისწინებით, რომ ის საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობების გაუმჯობესების მომხრეა, თუმცა, ამასთანავე, ირანის ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმაც არ სურს.

აჰმადინეჟადის წასვლა, საბოლოო ჯამში, ხელს აძლევს როგორც დასავლეთს, ისე ხამენეის. ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური პოპულიზმი და არაკომპეტენტური საშინაო პოლიტიკა უმაღლეს ლიდერს ისევე აღიზიანებდა, როგორც ჰოლოკოსტის უარყოფა ცივილიზებულ მსოფლიოს. მაგრამ საკუთრივ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელსაც დასავლეთისა და ირანის ურთიერთობებში ცენტრალური ადგილი უკავია, აჰმადინეჟადი ბევრს არაფერს წყვეტდა. ეს სფერო უმაღლესი ლიდერის ექსკლუზიურ პრეროგატივას წარმოადგენს და არჩევნები აქ არსებითად არაფერს შეცვლის.

საპრეზიდენტო არჩევნების დროს, დასავლეთთან მოლაპარაკებების ტაქტიკა აქტიურად განიხილებოდა. ახალი პრეზიდენტი დიალოგის საჭიროებაზე საუბრობდა, თუმცა არჩევასთან ერთად, მისი შუალედური პოზიცია უფრო რადიკალური გახდა. იმის გათვალისწინებით, რომ ხამენეის ირანის ახლანდელი მდგომარეობა ხელს აძლევს და მის ხელისუფლებას მტკიცე ბაზისს უქმნის, როუჰანის მხრიდან კურსის ცვლილების შანსი ძალიან მცირეა.

ჰასან როუჰანი 64 წლის სასულიერო პირია, რომელიც 2003-3005 წლებში ბირთვულ მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა. კარიერის მანძილზე სხვადასხვა მაღალი თანამდებობები ეკავა, მათ შორის, ხელმძღვანელობდა საგარეო ძალებს ირან-ერაყის ომის დროს. შემდგომ 1989-2005 წლებში სათავეში ედგა ეროვნულ უმაღლეს უსაფრთხოების საბჭოს და ახლო ურთიერთობა ჰქონდა პრეზიდენტებთან – ჰაშემი რაფსანჯანისთან და მოჰამედ ხატამთან. როუჰანი რუჰოლა ჰომეინის მიმდევარი იყო და შეუერთდა კიდეც მის გადასახლებას პარიზში.

როუჰანის თქმით, მან გლაზგოს უნივერსიტეტი დაამთავრა და მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი საზღვარგარეთ მიიღო, თუმცა აღნიშნული საკითხი Iran Election Watch-მა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ როუჰანი უფრო ნაკლებად პრესტიჟულ გლაზგოს კალედონიურ უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც დოქტორის ხარისხი მიენიჭა თემისთვის „შარიათის კანონების მოქნილობა ირანის გამოცდილებასთან მიმართებით". როუჰანი თავისუფლად ლაპარაკობს რამდენიმე ენაზე, მათ შორის – რუსულად, ფრანგულად, გერმანულად და ინგლისურად.

კამპანიის განმავლობაში თითქმის ყველა კანდიდატი, მათ შორის – როუჰანიც, ღიად აკრიტიკებდა აჰმადინეჟადის პოლიტიკას. როუჰანი აცხადებდა, რომ მან უფრო მეტი მტერი შესძინა ქვეყანას და ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა. როუჰანი ემხრობოდა ეროვნული ერთიანი მთავრობის ჩამოყალიბებას, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები და პარტიები იქნებოდნენ წარმოდგენილი.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიულ პრინციპებზე აპელირებს, მისი საქმიანობა სხვა რამეზე მეტყველებს. 1999 წელს, როუჰანი ანტისამთავრობო სტუდენტური პროტესტის მონაწილეებს „შეუწყნარებელი და განსაცვიფრებელი" დარბევით დაემუქრა, თუ არ დაიშლებოდნენ. ძველი ჩანაწერები ასევე აჩვენებს, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ისრაელ-პალესტინას შორის ორი სახელმწიფოს მოდელს და იასირ არაფატის მიერ დადებულ ხელშეკრულებას „თვითშეურაცხმყოფელს უწოდებდა".

2004 წელს, როდესაც ახლადარჩეული პრეზიდენტი ბირთვული პროგრამის გარშემო დასავლეთთან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა, ირანმა ურანის გამდიდრების პროგრამა დროებით შეაჩერა. ამ ნაბიჯს როუჰანი მოგვიანებით თავის წიგნში ხსნიდა, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანს, რომლის დროსაც პროგრამამ მნიშვნელოვნად წაიწია წინ. რეგიონთან მიმართებით, როუჰანის პოზიცია მისი წინამორბედის მსგავსია. რაც შეეხება სირიის კონფლიქტს, მისი თქმით, მასში ჩარევას არ აპირებს. აღსანიშნავია, რომ როუჰანი თავის ადრეულ განცხადებებში სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას უჭერდა მხარს.

სწორედ ამიტომ, ხელისუფლების ცვლილების კვალდაკვალ, ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი შიშობს, რომ შეიძლება დასავლეთმა ახალი პრეზიდენტი სათანადოდ ვერ შეაფასოს. ცვლილებების მოლოდინში, შესაძლოა, ირანზე ზეწოლა შესუსტდეს. მისი თქმით, ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად საერთაშორისო საზოგადოებამ ირანზე ზეწოლა არ უნდა შეამციროს, ვინაიდან როუჰანი ისრაელს კვლავ „დიდ სიონისტურ სატანად" მიიჩნევს.

კომენტარები