დაკავება

გიგი უგულავა პროკურატურისა და ომბუდსმენისგან რეაგირებას ითხოვს

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

თბილისის მერის განცხადებით, ქალაქის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები პროკურატურაში საჩივარს შეიტანენ და მოითხოვენ, უწყებამ 27 ივნისს მათი აყვანის საქმე გამოიძიოს.

ამასთან, გიგი უგულავა მომხდარზე რეაგირებას სთხოვს ომბუდსმენს, რადგან, მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კანონი და ადამიანის უფლებები უხეშად დაარღვია.

დავით ალავიძე, დავით ავალიანი, ვახო ცაგარეიშვილი, მამუკა ახვლედიანი, დავით ნინიძე, ნოდარ სანდუხაძე, ლექსო თაბუაშვილი, ბესო კვიციანი, ლევან ნებიერიძე, ზურა კიკვაძე, ავთო სულაბერიძე, ნიკა აბრამიშვილი, ბექა მეშვერდიშვილი, ვახტანგ გაგუა, მიხეილ ქირია, კოკა ღვინიანიძე, მამუკა ბერაძე, ალექსანდრე ჩაფიჩაძე, გიორგი დარჩია, დიმიტრი ჩხეიძე, ზაზა უდიაშვილი - ეს იმ ადამიანთა ჩამონათვალია, რომელიც, გიგი უგულავას ინფორმაციით, დღეს, 27 ივნისს საგამოძიებო სამსახურმა აიყვანა.

"დღეს დილიდან მთელი თბილისის მასშტაბით ფინანსური პოლიცია აწარმოებს ნადირობას საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მერიისა და გამგეობის თანამშრომლებზე. ერთდროულად, სამსახურში მისვლამდე, 30 ჩვენი თანამშრომელი აიყვანეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეული მათგანის აყვანას დასჭირდა მინიმუმ სამი მანქანა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფინანსური პოლიციის სრული შემადგენლობა მობილიზებული იყო იმისათვის, რომ საკრებულოს წევრები, არჩეული დეპუტატები, თბილისის მერის ორი მოადგილე, ერთი გამგებელი, გამგებლის ოთხი მოადგილე და გამგეობების და მერიის სხვა თანამშრომლები აეყვანათ", - ამბობს ქალაქის მერი.

გიგი უგულავას განცხადებით, ზეწოლა ნაციონალური მოძრაობის წევრებზე სისტემატიურ ხასიათს ატარებს, თუმცა დღეს მომხდარი ამბავი ყოველგვარ ზღვარს სცდება.

"ყველა ამ ადამიანის აყვანა მოხდა პირდაპირ ისეთი წესით, როგორც აყავთ ჩვეულებრივი კრიმინალები. მათ ყველას დაადეს ხელბორკილი, არცერთს არ განემარტა მათი უფლებები, ისინი მიიყვანეს ფინანსურ პოლიციაში, ნაწილზე მოასწრეს ბრალის წაყენება და შემდეგ ეს დოკუმენტაცია დახიეს იმისათვის, რომ გადაეკეთებინათ, თითქოს ისინი მოწმედ იყვნენ მიყვანილნი და უკანა გასასვლელიდან გამოიყვანეს ეს ხალხი, რათა მიეფარცხათ ეს სამარცხვინო საქციელი. ეს ხალხი, რომელიც ერთი და იგივე საქმეზე იყო თითქოსდა დაპატიმრებული, რამდენჯერმე იმყოფებოდა დაკითხვაზე. არცერთი მათგანი არ გაქცევია გამოძიებას, არ დამალვია, თითოეული მათგანი ამტკიცებდა თავის სიმართლეს. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ თითოეულ მათგანს, ოჯახის წევრებისა და ბავშვების წინაშე, ადებენ ბორკილებს ისე, რომ არანაირ ახსნა-განმარტებას არ აკეთებენ, მიყავთ ფინასნურ პოლიციაში, პირდაპირი მნიშვნელობით, "ებლატავებიან", - ამბობს უგულავა.

უგულავასვე თქმით, მას დღევანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან მწვავე საუბარი ჰქონდა, ამასთან, თბილისში NATO-ს გენერალური მდივანი იმყოფება და დაკავებულებს ბრალი, საბოლოოდ, სწორედ ამიტომ არ წაუყენეს.

"ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ბოლომდე განადგურდეს ნაციონალური მოძრაობის პარტიული ინფრასტრუქტურა, ეს ყველაფერი ემსახურება ამ ხალხის დაშინებას. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ოპონენტები განადგურდეს საქართველოში ყველა დონეზე - პარლამენტში თუ თვითმმართველობაში", - აცხადებს ქალაქის მერი.

თბილისის საკრებულოს და მერიის 30-მდე თანამშრომელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 27 ივნისს დააკავა. მოგვიანებით, უწყებამ განაცხადა, რომ ისინი მოწმის სტატუსით იყვნენ დაბარებულნი და ყველა მათგანი თავისუფალია.

კომენტარები