ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების დაკავებას უარყოფს. როგორც ტაბულას უწყებაში განუცხადეს, ხსენებული პირები მოწმეების სახით დაიკითხნენ საქმეზე, რომელიც მერიის ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვას უკავშირდება.
პრესსამსახურის ცნობით, ამჟამად ყველა მათგანი თავისუფალია.
სააგენტო ინტერპრესნიუსი მერიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიისა და საკრებულოს 30-მდე თანამშრომელი დააკავა. მერიის ცნობით, ისინი დილით, საკუთარ საცხოვრებლებთან დააკავეს.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან მერის მოადგილეები - დავით ნინიძე და დავით ალავიძე, გლდანი-ნაძალადევის გამგებელი ნოდარ სანდუხაძე, ვახტანგ ცაგარეიშვილი, მამუკა გუგეშაშვილი, ასევე მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ლექსო თაბუაშვილი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი დავით ავალიანი და მთაწმინდის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე.
როგორც სააგენტოს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა განუცხადა, ის სამსახურებრივი მანქანით მოძრაობდა, როდესაც უცხო მანქანამ გზა გადაუკეტა და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა მანქანიდან გადმოიყვანეს, თავიანთ მანქანაში ჩასვეს და უთხრეს, რომ დაპატიმრებული იყო.
ახვლედიანი ამბობს, რომ არცერთ უწყებაში არ შეუყვანიათ და მხოლოდ თბილისის ქუჩებში ატარეს, შემდეგ ხელბორკილები მოხსნეს, ბოდიში მოუხადეს და განუმარტეს, რომ რაღაც გაუგებრობა მოხდა.





