საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერი

ნაციონალური მოძრაობა პრაიმერს 28 ივნისიდან 28 ივლისის ჩათვლით ჩაატარებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტიის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერს 28 ივნისიდან 28 ივლისის ჩათვლით ჩაატარებს.

პრაიმერის რეგლამენტის მიხედვით, მასში მონაწილეობა შეუძლია საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში 5 წელი მაინც უცხოვრია და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში. კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს პარტიის რაიონულ ორგანიზაციას, საპარლამენტო ფრაქციის არანაკლებ 5 წევრს და პარტიის ფრაქციას ნებისმიერი მუნიციპალიტეტის საკრებულოდან.

პრაიმერი გაიმართება რეგიონული კონფერენციების პრინციპით, დებატებს თემატური სახე ექნება. სულ 6 რეგიონული კონფერენცია ჩატარდება, კენჭისყრაში მონაწილეობას კი პარტიის რაიონული ორგანიზაციის მიერ არჩეული დელეგატები მიიღებენ.

პრაიმერში მონაწილეობა ინტერნეტის მომხმარებელსაც შეეძლება. ინტერნეტკენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, ონლაინრეგისტრაციის შემდეგ, აქვს ქვეყნის ყველა მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. შედეგების შეჯამება 28 ივლისს მოხდება.

გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც ექვსი რეგიონული კონფერენციისა და ინტერნეტკენჭისყრის ჯამში დააგროვებს მეტ ქულას. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატებმა დააგროვეს თანაბარი ქულები, გამარჯვებული მეორე ტურით გამოვლინდება.

ამ დროისთვის კანდიდატთა შორის სახელდებიან დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე და ზურაბ ჯაფარიძე.

 

კომენტარები