საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერი

ბაქრაძე: თუ ძალადობის ფასი 100 ლარია, ვერასდროს დალაგდება სიტუაცია

wikipedia.org

ბათუმში, ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენი პრაიმერის დაწყებამდე,  ერთ-ერთმა კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განაცხადა, რომ  პოლიტიკური შეხედულება ქვებისა და ბოთლების სროლით არ გამოიხატება.

"პოლიტიკური შეხედულების გამოხატვის უფლება ყველას გააჩნია, მაგრამ პოლიტიკური შეხედულება არ გამოიხატება ქვებისა და ბოთლების სროლით, არ გამოიხატება განსხვავებული შეხედულების ადამიანების ფიზიკური დევნით. რაც გუშინ ზუგდიდში მოხდა, აბსოლუტურად მიუღებელია. ძალიან საგანგაშოდ მიმაჩნია ის, რომ ყველა დაკავებული გამოუშვეს დღეს 100-ლარიანი ჯარიმის საფასურად. თუ ჩვენ გვეცოდინება, რომ ამ ქვეყანაში ძალადობისა და ქვების სროლის ფასი არის 100 ლარი, მაშინ ვერასდროს ქვეყანაში ვერ დალაგდება სიტუაცია და ვერ გადავალთ ნორმალურ, ცივილიზებულ დიალოგზე", - აღნიშნა ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა პოლიციას კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა თუმცა აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელისუფლებიდან მოდიოდეს სიგნალი, რომ ძალადობა არის მიუღებელი.

"ვფიქრობ, ხელისუფლება ვალდებულია გააკეთოს ყველაფერი არა მხოლოდ იმით, რომ პოლიცია მუშაობს და სხვათა შორის დღესაც და გუშინაც პოლიციამ კარგად იმუშავა და მე მათ მადლობას ვუხდი, მაგრამ პოლიციის მუშაობა არის არა მხოლოდ ის, რომ ადამიანები განაცალკევოს, აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან მოდიოდეს სიგნალი, რომ ძალადობა არის მიუღებელი და დასჯადი", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ბათუმის შერატონში ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენი პრაიმერის მე-5 ტური მიმდინარეობს. სასტუმროსთან ნაციონალური მოძრაობის წინაამდეგ აქცია მიმდინარეობს, მასში  ყოფილი პოლიტპატიმრები და აფხაზეთიდან დევნილები მონაწილეობენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, პოლიტპატიმრის სტატუსით ამნისტირებული მერაბ გორგაძე სამართალდამცავებმა კვერცხის სროლის ინციდენტის გამო დააკავეს.

კომენტარები